Monday, October 30, 2017

იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები U18 ფორმატით

9-20 ოქტომბერს, სიქას ორგანიზებით საქართველოს 10 რეგიონის 72 სკოლაში ჩატარდა იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები U18 ფორმატით. სამოქალაქო განათლების მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებმა განიხილეს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები, მოაწყვეს დებატები და დისკუსიები პროგრამების ძირითად მიმართულებებზე, პროგრამების ძლიერ და სუსტ მხარეებზე. პროგრამების საფუძველზე მოხდა ანონიმური საარჩევნო სუბიექტებისათვის ხმის მიცემა, ახალგაზრდულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 7ათასმა 18 წლამდე ახალგაზრდამ. აქტივობები განხორციელდა საერთაშორისო პროექტის „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“, რომელსაც გერმანულ ორგანიზაციასთან DRA ერთად საქართველოში სიქა ახორციელებს.

Thursday, October 26, 2017

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "ევროვიზია"

17-24 ოქტომბერს სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "ევროვიზია". პროექტი განხორციელდა იტალიაში, პროგრამა Erasmus Plus ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების კომპეტენციების გაზრდის ხელშეწყობა მუსიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ახალგაზრდები რუსთავიდან, თბილისიდან, ყვარლიდან და ოზურგეთიდან. პროექტში მონაწილეობდა 30 ახალგაზრდა ევროპის 5 ქვეყნიდან.

Wednesday, October 25, 2017

ACCESS პროგრამა დაიწყო

25 ოქტომბერს სიქაში დაიწყო "ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა" (English Access Microscholarship Program), რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. 2 წლის მანძილზე 14-17 წლის ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებიდან შეისწავლიან ინგლისურ ენას, ეზიარებიან ამერიკულ კულტურას, წეს-ჩვეულებებს და განივითარებენ ლიდერის თვისებებს. პროგრამაში ჩართულია 25 რუსთაველი ახალგაზრდა, რომლებიც წინასწარი ტესტირების საფუძველზე გადანაწილებულია 2 ჯგუფში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს 16 ქალაქში, მათ შორის რუსთავში. სიქა კოორდინირებას უწევს რუსთავის ჯგუფების მუშაობას. 

Sunday, October 22, 2017

ლიდერთა კლუბის მორიგი შეხვედრა ტოლერანტობის თემაზე

22 ოქტომბერს სიქას ოფისში შედგა 9-12 წლის ასაკის ლიდერების კლუბის მორიგი შეხვედრა, რომლის თემა იყო ტოლერანტობა. მოზარდებმა სხვადასხვა სახალისო სავარჯიშოებით განიხილეს და გაიაზრეს რა არის გაზიარება და მიმღებლობა.
კლუბში მონაწილეთა მიღება გრძელდება.
შეხვედრები იმართება ყოველ კვირას, 13:30 საათზე.

რუსთავში იწყება "ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა"

20 ოქტომბერს სიქაში ჩატარდა წინასწარი ტესტირება "ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" (English Access Microscholarship Program) ფარგლებში და შეირჩა 25 მოსწავლე (ქ.რუსთავის სკოლებიდან) , რომლებიც 2 წლის განმავლობაში შეისწავლიან ინგლისურ ენას, ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს.
ამერიკული ორგანიზაცია PH International და სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს ქ.რუსთავში "ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას". პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 14-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახებიდან. პროგრამა ხორციელდება საქართველოს 16 ქალაქში, მათ შორის ქ.რუსთავში. 

Wednesday, October 18, 2017

ქართველი მოხალისე ლატვიაში

მარიამ ტლაშაძე - აქტიური ახალგაზრდაა გორიდან, რომელსაც სიქა-მ მისცა შესაძლებლობა EVS (ევროპული მოხალისეობრივი პროგრამა)-ით მონაწილეობა მიიღოს პროექტში "Promotion of Permaculture in Smiltere District”. მარიამი 10 თვის განმავლობაში, ლატვიაში, მასპინძელ ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

Sunday, October 15, 2017

ლიდერთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა

15 ოქტომბერს სიქაში შედგა 9-12 წლის ასაკის მომავალი ლიდერების კლუბის მორიგი შეხვედრა. თემა იყო „ეფექტური კომუნიკაცია“. ტრენინგი დატვირთული იყო სახალისო ენერჯაიზერებით და სავარჯიშოებით. კლუბში მსურველთა მიღება გრძელდება, იხ. აპლიკაცია

სტაჟირება სიქაში

18-25 წლის ახალგაზრდებისათვის სტაჟირების შესაძლებლობა სიქაში.
მოქნილი გრაფიკი, მრავალფეროვანი აქტივობები, გარემო საკვანძო კომპეტენციების განვითარებისათვის.
ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი იდეების რეალიზებისათვის.
სტაჟირების პერიოდი - 3 თვე .

სტაჟირების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მიიღებს სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

* "ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამა " - სტაჟირება დაეხმარება ახალგაზრდას აიმაღლოს ინგლისური ენის ცოდნის დონე, განრიგი - კვირის სამუშაო დღეები, 15-18 საათი. მოვალეობა - ინგლისური ენის პედაგოგის დახმარება სასწავლო რესურსების მომზადებასა და სასწავლო გარემოს შექმნაში, მეცადინეობებისას ფოტოების გადაღება, პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოც. მედიაში;
* სიქას საკვირაო კლუბები - სტაჟირება ხელს შეუწყობს ახალგაზრდის კომუნიკაციის, ლიდერობის, დაგეგმვისა და მართვის უნარების გაუმჯობესებას, ახალგაზრდა განივითარებს ტრენერის უნარებს. სამუშაო დღე- კვირა. მოვალეობა - კლუბის ტრენერის დახმარება სასწავლო რესურსების მომზადებასა და სატრენინგო გარემოს მოწყობაში; კლუბის მონაწილეებთან ონლაინ კომუნიკაცია კვირის განმავლობაში, საკლუბო შეხვედრებისას ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, კლუბის ფეისბუკ-გვერდის მართვა;
სტაჟირების მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია.
დამატებითი კითხვებისათვის მოგვმართეთ:
ტელ. 599 433848
ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ, 12-56.

Monday, October 9, 2017

სიქა-ს მომავალ ლიდერთა კლუბი დაიწყო

8 ოქტომბერს სიქა-ს ოფისში შედგა 9-12 წლის ასაკის ჯგუფის პირველი შეხვედრა. კლუბმა აქტიურად დაიწყო მუშაობა. პირველი დღე ყინულის დნობისა და გაცნობით სავარჯიშოებს დაეთმო. 
კლუბში გაწევრიანების მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ 15 ოქტომბერს 13:30 სთ-ზე. კლუბში რეგისტრაცია გაგრძელებულია 27 ოქტომბრამდე. რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:  http://webanketa.com/forms/68s36dsn6cqkjcb671gp6rk5/

ასევე გრძელდება მსურველთა მიღება 13-17 წლის ასაკის ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრა შედგება ჯგუფის დაკომპლექტებისთანავე. იხილეთ რეგისტრაციის ბმული

Saturday, October 7, 2017

სიქას დელეგაცია მონაწილეობს საერთაშორისო ტრენინგ-კურსში "Action2Learn"

სიქა-ს დელეგაცია მარიამ გელდიაშვილის, კესო პაპავას და თიკო ხეცურიანის შემადგენლობით მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტრენინგ კურსში "Action2Learn". ტრენინგი ტარდება პროგრამის Erasmus Plus ფარგლებში. ტრენინგის მთავარი თემაა ახალგაზრდული ჩართულობისა და მოხალისეობის ხელშეწყობა. ორგანიზატორი - დანიური ორგანიზაცია '"Inter College", მოლდავეთში გამართულ ტრენინგში მონაწილეობას იღებს ათი ქვეყნის წარმომადგენელი 30 ახალგაზრდული მუშაკი.