Wednesday, May 16, 2018

სიქას ორგანიზებით ხაიშის საჯარო სკოლაში დებატების ტრენინგი ჩატარდა

14 მაისს ხაიშის საჯარო სკოლაში სიქას ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ჩატარდა დებატების ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშისა და წინწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგს უძღვებოდა სიქას მოხალისე, გამოცდილი მოდებატე და მსაჯი თამარ ქურდაძე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო კარლ-პოპერის (ფასეულობითი) დებატის სტრუქტურა და წესები. მოსწავლეებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც მოსინჯეს, იდებატეს რეზოლუციით "ზოოპარკი უნდა აიკრძალოს". დებატების შემდეგ, ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ დებატი წესების დაცვით მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, გამოსცადეს საკუთარი თავი სწრაფ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობაში. ფოტო

Wednesday, May 2, 2018

მინი ფორუმი მარნეულში

30 აპრილს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში გაიმართა მინი ფორუმი, რომელსაც დაესწრო PH International წარმომადგენელი, პროგრამაში "მომავლის თაობა" რეგიონული ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი, თამარ ფრუიძე. მინი ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანი იყო სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა-გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.
მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა ისაუბრეს პროგრამის ფარლებში უკვე გაწეული საქმიანობის შესახებ, კერძოდ განხორციელებულ საკლასო პროექტებზე, თემისა და სკოლის საჭიროებების კვლევის შედეგებზე, კონკურსებში მონაწილეობაზე, მცირე გრანტის პროექტების მიმდინარეობაზე, და რა აქვთ დაგეგმილი სასწავლო წლის დასრულებამდე, რაში სჭირდებათ დახმარება პროგრამისგან და პარტნიორი ორგანიზაციისგან.
მინი ფორუმზე თითოეული სკოლისთვის გაკეთდა გეგმის მონახაზი სამოქალაქო კლუბის კონკრეტული ინიციატივისთვის, რომელზეც მოსწავლეები იმუშავებენ და განახორციელებენ სკოლასა და თემში. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლში - სიქა დაეხმარება სკოლებს ადამიანური და მატერიალური რესურსებით დასახული მიზნების მისაღწევად.

Tuesday, May 1, 2018

სიქას მოხალისეები შეუერთდნენ Erasmus+ პროექტს რუმინეთში


სიქას მოხალისეები ლუკა სუთიაშვილი და ანი გელაშვილი აპრილის თვიდან შეუერთდნენ პროგრამის Erasmus+ ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული მოხალისეობრივი სერვისის პროექტს რუმინეთში "Green Color for Creativity".
ქართველი მოხალისეები სხვა ევროპელ მოხალისეებთან ერთად 12 თვის განმავლობაში იმუშავებენ რუმინეთში, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და თემის წევრებისათვის დაგეგმავენ და განახორციელებენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.