Friday, August 11, 2017

მიმდინარეობს ბანაკი "ინიციატორი 2017"

7 აგვისტოს ბაკურიანში სიქას კიდევ ერთი ბანაკი "ინიციატორი 2017" დაიწყო. ბანაკში მონაწილეობას იღებს 23 უფროსკლასელი მოსწავლე ქ. რუსთავის #10 და #28 სკოლებიდან. ბანაკის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები მეწარმეობისა და სოციალური პროექტების შექნისა და მართვის თემებზე. დღის მეორე ნახევარი დატვირთულია მრავალფეროვანი საბანაკე აქტივობებით. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი".

Tuesday, August 1, 2017

ტრენინგ-კურსი "ANOTHER WORLD IS POSSIBLE"

photo of Liviu Rotaru
25.07-03.08/2017 სიქა-ს წარმომადგენლები  მონაწილეობას იღებენ ERASMUS+  პროგრამის ტრენინგ-კურსში "Another world is possible", რომლის მიზანია ურბანული კულტურის გააზრება და კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტების გაცნობა. ტრენინგ-კურსი ტარდება დიდ ბრიტანეთში, ქ.ვირკსვორტში "Inter college"-ის ორგანიზებით და "Baby people"-თან თანამშრომლობით. 
ტრენინგ-კურსში საქართველოს გარდა მონაწილეობას იღებენ დიდი ბრიტანეთის, დანიის, პორტუგალიის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვეთისა და სომხეთის ახალგაზრული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Monday, June 19, 2017

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2017

2017 წლის 18-22 ივნისს სიქას ორგანიზებით დაბა ბაკურიანში მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2017. 
ბანაკი ეწყობა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. ბანაკში მონაწილეობას იღებენ 80 მოსწავლე და 11 სამოქალაქო განათლების პედაგოგი საქართველოს 11 რეგიონიდან. ფოტო

პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში


16 ივნისს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლში წარმოადგინა, პროგრამის მიმდინარეობის სამი წლის განმავლობაში, მიღწეული შედეგები. სამიზნე სკოლის აქტიურმა მოსწავლეებმა აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები გააცნეს. შეხვედრის ბოლოს მოეწყო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის სამიზნე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, მარნეულის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლისა და პროგრამის ხელმძღვანელები. ფოტო
პროგრამის „მომავლის თაობა“ მიზანია, სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესების გზით, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო გააქტიურება.
პროგრამა საქართველოს 11 რეგიონის 480 სკოლაში ხორცილედება.

Monday, June 5, 2017

სიქა-ს გერმანელი მოხალისეების თანამშრომლობა რუსთავის #1 საჯარო სკოლასთან

სიქას გერმანელი მოხალისეები კატალინა ვორტმანი და ანიკა გიუნტერი მიმდინარე სასწავლო წელს აქტიურად თანამშრომლობენ რუსთავის #1 საჯარო სკოლასთან: მე-10 კლასელ მოსწავლეებს ეხმარებიან გერმანული ენის უკეთ შესწავლაში. 1 ივნისს რუსთავის #1 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი გერმანულ ენაში, გერმანული ენის პედაგოგთან თანამშრომლობით სიქას ევროპელმა მოხალისეებმა ფასილიტაცია გაწიეს ჯგუფებში სხვადასხვა დავალებების შესრულების დროს.

Thursday, May 25, 2017

სიქას ახალი კლუბი ბავშვებისთვის "პატარა შემოქმედები"

ძვირფასო მშობლებო!!!
გსურთ თქვენმა პატარებმა :
• განივითარონ შემოქმედებითობა და საკუთარი ხელით შექმნან საინტერესო და სასარგებლო ნივთები?
• გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი სიქას ევროპელ მოხალისეებთან ურთიერთობით?
• მიიღონ არაფორმალური განათლების გამოცდილება?
სიქას კლუბი „პატარა შემოქმედები“ იწვევს 6-11 წლის ბავშვებს ერთ თვიან კლუბში, 29 მაისიდან ყოველ ორშაბათს 17:30-ზე. კლუბში მუშაობას გაუძღვებიან სიქას გერმანელი მოხალისეები კატალინა და ანიკა. კლუბში გაწევრიანება უფასოა მონაწილეთათვის.
ჯგუფის წევრთა შეზღუდული რაოდენობის გამო სასურველია წინასწარ ჩაწერა:
მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. 12-56.
ტელ: 0341 223133;

სამუშაო შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან პროექტის „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში


22-23 მაისს სიქამ უმასპინძლა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გერმანიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში «Mehrbewegen! – Füreinestarke Kinder – und Jugendbeteiligungin Osteuropa» - „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“.

სამოქალაქო განათლების ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ერთობლივად იმუშავა სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების საერთაშორისო პრაქტიკული გზამკვლევის შექმნაზე. სიქა-ს აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე და გერმანული ორგანიზაცია DRA-ს წარმომადგენელი ირინა ბუხარკინა შეხვდნენ საქართველოში გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გააცნეს მათ პროექტის მიზნები, დაისახა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობა.

Wednesday, May 24, 2017

გარემოსდაცვითი კედლის ნახატის შექმნა სოფლის ცენტრში სასაზღვრო მაგისტრალზე

პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სიქას მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის და კირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შეიმუშავეს და განახორციელეს გარემოსდაცვით პროექტი "დავიცვათ ჩვენი დედა-ბუნება". პროექტის საბოლოო აქტივობა გახლდათ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ნახატების კონკურსის ერთ-ერთი ნამუშევრის მიხედვით სოფელ კაჩაგანის ცენტრში კედლის მოხატვა. კაჩაგანის #1 სკოლამ ითანამშრომლა სოფელში მოქმედ მცირე ბიზნესთან, რომელმაც ახალგაზრდებს კედლის ნახატის შესასრულებლად კედელი გამოუყო სოფლის ცენტრში, სასაზღვრო ტრასაზე. პროფესიონალი მხატვრის დახმარებით ახალგაზრდებმა კედელზე გადაიტანეს კაჩაგანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლის ნახატი გარემოსდაცვითი მოწოდებებით ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. კედლის ნახატი და მოწოდებები ხელს შეუწყობს თემის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

Thursday, May 18, 2017

ახალგაზრდული ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება ბოლნისში

11 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სიქა-ს მიერ ორგანიზებული იქნა ახალგაზრდული ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროგრამაში "მომავლის თაობა" ჩართული 19 სკოლის მიერ განხორციელებული 5 ახალგაზრდული პროექტი. ახალგაზრდებმა მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებით თავიანთი წვლილი შეიტანეს რუსთავში, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებში ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა: გარემოს დაბინძურება, კომფორტულად მგზავრობა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები, რომლებიც დაეხმარნენ მოსწავლეებს პროექტების განხორციელებაში.

ბავშვებსა და ახალგაზრდებში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება - კონკურსი „მეტი შეგვიძლია!“

სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გიწვევთ სასწავლო დაწესებულებებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა დაინტერესებულ პირს გაზიარება-კონკუსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გამოავლენს ბავშვებსა და ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების, პოლიტიკური განათლების, დემოკრატიული კულტურის აღზრდის საუკეთესო მეთოდურ მიდგომებს.
საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება-კონკურსის მიზანია ქართული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის შეკრება და გამოქვეყნება საერთაშორისო პრაქტიკულ სახელმძღვანელოში, რომელიც იქმნება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში: «Mehrbewegen! – Füreinestarke Kinder – und Jugendbeteiligungin Osteuropa» - „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“. ასევე დაგეგმილია ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის წარმატებული საგანმანათლებლო პრაქტიკის ეროვნული ონლაინ კატალოგის შექმნა, რომელიც განთავსდება ელექტრონულ ბიბლიოთეკაში პროექტის საიტზე: http://u18georgia.blogspot.com/
საუკეთესო პრაქტიკის ავტორები გამოცდილების გასაზიარებლად მიწვეულნი იქნებიან ბავშვთა და ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის საერთაშორისო კონფერენციაზე და II ახალგაზრდულ ფორუმზე „U 18 - მეტი შეგვიძლია“ კიევში, 2017 წ. ოქტომბერში.

Friday, May 5, 2017

პროექტის "საქართველო ჩემი სამშობლოა" შემაჯამებელი ღონისძიება


26 აპრილს, სიქას ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის "საქართველო ჩემი სამშობლოა" შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: თაქალოს, ყულარის, არაფლოს და შაუმიანის # 2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მიერ, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. 
პროექტის მიზანი იყო მასში ჩართული სკოლების ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის მოსწავლეების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ინტეგრაცია. გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე თითოეულმა სკოლამ წარადგინა კულტურული პროგრამა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული, აზერბაიჯანული და სომხური ლექსები, იმღერეს სამივე ეთნოსისთვის დამახასიათებელი სიმღერები, მოირგეს ტრადიციული ტანისამოსი და შეასრულეს ხალხური ცეკვები. 

ახალგაზრდული ფორუმის 2 პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში


21 აპრილს სიქას ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში განხორციელებული ორი პროექტის: "დავიცვათ ჩვენი დედა-ბუნება" და "ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტები პროგრამის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა ახალგაზრდულ ფორუმზე მონაწილე სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ შეიქმნა. 
"დავიცვათ ჩვენი დედა-ბუნება" გარემოსდაცვითი პროექტია, რომელიც კაჩაგანის #1, კაჩაგანის #2 და კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ განხორციელდა, პროექტის:"ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" მიზანი კი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია იყო. პროექტში ქვემო სარალის, ზემო სარალის, დამიაგეორარხისა და ჯავშანიანის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობდნენ. 

Tuesday, April 18, 2017

"ხელნაკეთი ნივთების კლუბის" ახალი ნაკადი იწყება

სიქა-ში იწყება "ხელნაკეთი ნივთების კლუბის" ახალი ნაკადი განახლებული დროით. 
მობრძანდით ყოველ სამშაბათს, 17:30 სთ-ზე და შესძინეთ ახალი სიცოცხლე დაძველებულ ნივთებს. 
კლუბში მონაწილეობა უფასოა და განკუთვნილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.
გელით!
მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი, #12-56

მოსწავლეების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან


სიქას ორგანიზებით 11-12 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ილმაზლოსა და ქესალოს საჯარო სკოლებში გაიმართა აზერბაიჯანელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ილმაზლოს, ქესალოსა და ქეშალოს სკოლების 50 მოსწავლე და მასწავლებელი დაესწრო. მოწვეული სტუმრები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სოფო რუსეცკი და სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლები - მურად ჰუსეინოვი და მარი გვიდიანი.


Sunday, March 26, 2017

მოსწავლეების შეხვედრა უბნის ინსპექტორებთან ადრეული ქორწინებისა და ოჯახური ძალადობის თემაზე


24 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქას ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოწვეული სტუმრები: ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორი მაია ფელიშვილი და ამავე დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორი ნურლანა ახმედოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - კირაჩმუღანლოს, ყულარის, ქვემო სარალისა, თაქალოს საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. სტუმრებმა ისაუბრეს ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძაალადობის საკითხებზე. ქალბატონმა მაიამ ახალგაზრდებს დაწვრილებით განუმარტა ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით არსებობს ქართულ კანონმდებლობაში. დეტალურად ისაუბრა სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებასა და 150 პრიმა მუხლზე, რომელიც ქორწინების იძულებას შეეხება. მოსწავლეებს განემარტათ თუ რას ნიშნავს ქორწინების იძულება და როგორ უნდა დაიცვან თავი ამგვარი იძულებისაგან. მასწავლებლებს განემარტათ ის დადგენილება, რომლის თანახმადაც მათ ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, თუკი მათთვის ცნობილი გახდება ქორწინების იძულების ფაქტის შესახებ. გარდა ამისა, სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რასაც ზოგადად იწვევს ადრეული ქორწინება. 

შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთან


სიქა-ს ორგანიზებით,16 მარტს პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანელ ძიუდოისტთან, საქართველოს ჩემპიონთან და საერთაშორისო ტურნირების წარმატებულ მონაწილესთან - სამათ ალიევთან და მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენელთან - დავით ნაზღაიძესთან.

შეხვედრას დაესწრნენ პროექტის - "ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" ავტორები და სხვა მოსწავლეები ქვემო სარალის, ზემო სარალის, შაუმიანისა და ჯავშანიანის საჯარო სკოლებიდან. სამათმა აზერბაიჯანულ ენაზე ისაუბრა წარმატების მისაღწევად მის მიერ განვლილ გზაზე, სპორტის ადგილზე მის ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და მის სამომავლო გეგმებზე. 

Monday, March 13, 2017

მონაწილეობა ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "Say It out loud"

3-12 მარტს რუმინეთის ქალაქ ბუსტენში პროგრამა "Erasmus plus" ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Say It out loud", რომელშიც მონაწილეობდა სიქას მიერ გაგზავნილი ქართული დელეგაცია. ქართველი, რუმინელი, პოლონელი და პორტუგალიელი ახალგაზრდები პროექტის განმავლობაში სწავლობდნენ საჯარო გამოსვლის ტექნიკას და ივითარებდნენ საჯარო გამოსვლის უნარებს. 

Thursday, March 9, 2017

ქართველი მოხალისეები მონაწილეობენ Erasmus+ პროექტში "Silesian institutions service quality relative to foreigners"

სიქამ კიდევ ორ ქართველ ახალგაზრდას მალხაზ ჯიღაურაშვილს და გიორგი თურქაძეს მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროპულ მოხალისეობრივ პროექტში "Silesian institutions service quality relative to foreigners". ქართველი ახალგაზრდები იტალიელ და ესპანელ ახალგაზრდებთან ერთად 12 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად იმუშავებენ პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, დაეხმარებიან მასპინძელ ორგანიზაციას Bona Fides მიმდინარე პროექტების განხორციელებაში.

Wednesday, March 1, 2017

ფორუმის მონაწილეების ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში


28 თებერვალს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კაჩაგანის, თაქალოს, არაფლოსა და ყულარის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეწვივნენ. მოსწავლეები შეხვდნენ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტებს: მარიამ ტყეშელაშვილს, ირმა ჩხეტიანს, ნინო კირვალიძესა და მარნეულის კულტურის ცენტრის წარმომადგენელს - ირაკლი ნოზაძეს. 
ახალგაზრდებმა გამგეობის წარმომადგელნებს გააცნეს მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში მათ მიერ დაწერილი პროექტები და კონკრეტული აქტივობების განხორციელებაში გამგეობას მხარდაჭერა სთხოვეს. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი
გამოდგა. გამგეობის წევრებმა მოიწონეს მოსწავლეების გეგმები და მათ საპროექტო იდეების გახორციელებაში აქტიურ მხარდაჭერას დაპირდნენ. კერძოდ, გამგეობა აქტიურად ითანამშრომლებს კაჩაგანის # 1, # 2 და კირაჩმუღანლოს სკოლებთან, რომლებიც გარემოს დაცვით პროექტს ახორციელებენ და ასევე თაქალოს, ყულარის, არაფლოსა და შაუმიანის სკოლებთან, რომლებიც ინტეგრაციის ხელშემწყობ პროექტზე მუშაობენ.
პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა წარმოადგენს პროგარმის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Tuesday, February 21, 2017

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სემინარში "Youth Voice"

9-16 თებერვალს სიქას ლიდერებმა გიორგი თვალიაშვილმა, ინგა პაიჭაძემ და მარიამი აბულაძემ მონაწილეობა მიიღეს სემინარში "Youth Voice". სემინარი ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, სემინარს ესწრებოდნენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები, სემინარის მიზანი გახლდათ ახალგაზრდული ჩართულობის ხელშემწყობი სტრატეგიის შემუშავება.

Sunday, February 12, 2017

სიქა-ში იქყება ქსოვის კლუბი ახალგაზრდა დიასახლისებითვის

დიასახლისებს უნიკალური შანსი სიქასგან ! 
ყოველ პარასკევს, 12 საათზე ჩვენთან სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრები იწყება. გერმანელი მოხალისეები ქსოვის პრაქტიკულ და გამორჩეულ მასტერკლასებს გთავაზობენ. შემოუერთდი ქსოვის კლუბს სიქას მეგობრულ ოფისში. ქსოვის შესწავლასთან ერთად ქალბატონებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე სასაუბრო უნარი. 
გაატარეთ თქვენი თავისუფალი დრო საინტერსოდ, სახალისოდ და სასარგებლოდ. 
კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართება 17 თებერვალს, 12:00 საათზე.
მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის ქ. 12-56; 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 0341 223133

Friday, January 27, 2017

მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმის მეორე ნაკადი გაიმართა

 სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქა-ს ორგანიზებით, 26 იანვარს ქ.რუსთავში,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების 19 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.
ფორუმზე მოსწავლეეთა ჯგუფებმა იმუშავეს მათ თემში არსებული აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე და ფასილიატორის დახმარებით, შექმნეს პროექტები. თითოეულ პროექტს პროგრამა დააფინანსებს მცირე გრანტით, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტის რეალურად განხორციელებასა და დასახული მიზნის მიღწევაში. იხ. ფოტოალბომი

Wednesday, January 25, 2017

მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის საჯარო სკოლების მონაწილეობით მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

24 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, მოეწყო მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმის პირველი ნაკადი. ფორუმი გაიმართა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის სამიზნე 19 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან. 
ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში მოსწავლეთა ჯგუფებმა იმუშავეს თემში არსებული აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე და ფასილიტატორის დახმარებით შექმნეს პროექტები. თითოეული პროექტს პროგრამა დააფინანსებს მცირე გრანტით, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტის რეალურად განხორციელებასა და დასახული მიზნის მიღწევაში.
მოსწავლეთა პრეზენტაციას დაესწრო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ბ-ნ პაატა ხიზანაშვილი. მან მოიწონა მოსწავლეთა ნამუშევრები, გააცნო ამ პრობლემების გადაჭრის კუთხით სამხარეო ადმინისტრაციის მუშაობა და მხარდაჭერას დაჰპირდა პროექტების განხორციელებაში.
სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
ფორუმი გააშუქა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ, იხ. სიუჟეტი ფოტოალბომი