Tuesday, August 20, 2013

მსოფლიო ჰუმანიტარების დღე

„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში, ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა, მშვიდობის კორპუსის და ევროპელ მოხალისეებთან ერთად 19 აგვისტოს მსოფლიო ჰუმანიტარების დღესთან დაკავშირებით სემინარი მოაწყვეს.
მსოფლიო ჰუმანიტარების დღე 19 აგვისოტს უკვე მეათე წელია აღინიშნება გაერთიანებული ერების მიერ. ეს დღე ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული სამსახურის შესრულების დროს მსოფლიოს სხვადასხვა კრიზისულ წერტილებში.
სემინარზე ნაჩვენები იყო მოკლე ფილმები მსოფლიოში ჰუმანიტარული საქმიანობების შესახებ. უცხოელმა მოხალისეებმა სამოქალაქო კლუბების წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობა ჰუმანიტარულ პროცესებში, განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობები. რუსთაველმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ჰუმანიტარული საქმიანობის კუთხით, აღმოჩნდა, რომ მათ შორის იყვნენ მოსწავლეები, რომელთაც ასევე ქონდათ მსგავსი საქმიანობის გამოცდილება, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის დროს დევნილების დახმარების კუთხით.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამოხატეს დიდი დაინტერესება მომავალში აქტიურად ჩაერთონ ჰუმანიტარულ საქმიანობაში.

Friday, August 16, 2013

სამუშაო შეხვედრა სომხურ დელეგაციასთან

14 აგვისტოს სიქა-მ უმასპინძლა ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ სომხური დელეგაციის მუშა შეხვედრას. არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ სიქა-ს მუშაობის სტილს, გამოცდილებას, მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მომავალში ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება.

Tuesday, August 13, 2013

12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მოხალისეების ინიციატივით 12 აგვისტოს რუსთავში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინიციატივას შემოუერთდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილე სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები.
ახალგაზრდებმა წინასწარ მოამზადეს პოსტერები მოწოდებებით "იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა დაინახო მსოფლიოში", "შექმენი უკეთესი ხვალინდელი დღე", "გაქვს სურვილი შეცვალო - შემოგვიერთდი" და სხვა. ამ მოწოდებებით ახალგაზრდებმა ქ.რუსთავის მოსახლეობას მოუწოდეს სამოქალაქო აქტივობისაკენ.
ქუჩის აქციების შემდეგ ქ.რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აქციის ორგანიზატორმა  სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეებმა და ორგანიზაციის წევრებმა ჩაატარეს სემინარი ახალგაზრდებისათვის, რომელზეც ისაუბრეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის შესახებ. სემინარის მთავარი თემა გახლდათ მოხალისეობა. წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია "რატომ უნდა გავხდე მოხალისე", სადაც ახალგაზრდებს გააცნეს მოხალისეობის მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოხალისის პიროვნული კომპეტენციების ზრდაში, ასევე სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ.
ამერიკელმა და ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს მათი მოხალისეობრივი გამოცდილების თაობაზე, ასევე რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად დასახეს ერთობლივი სამოქალაქო აქტივობები.

ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „Exchange for Change"

სიქა-ს მასპინძლობით ევროკავშირის პროგრამის "ახალგაზრდობა მოქმედებაში" (Youth In Action) ფარგლებში 2–10 აგვისტოს, თუშეთში განხორციელდა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „Exchange for Change". 9 დღის განმავლობაში 11 ახალგაზრდა საქართველოდან და პოლონეთიდან განიხილავდა თავიანთ ქვეყნებში არსებულ ვითარებას შემდეგ საკითხებზე: ახალგაზრდობა თვითმმართველობაში, სტუდენტური თვითმმართველობები უნივერსიტეტებში, სოციალური მედია, საერთაშორისო და ადგილობრივი მოხალისეობის პროგრამები და შესაძლებლობები, პოლონეთი–საქართველოს საერთო ისტორია და ა შ. პოლონურმა დელეგაციამ 11 აგვისტოს დატოვა საქართველო, დაისახა სამომავლო საერთო სამოქმედო აქტივობებიც , რაც განხორციელდება სექტემბრის ბოლოდე.

Monday, August 12, 2013

ბანაკი ურეკში

სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციი“–სა და „განათლების და მართვის გუნდი“–ს ახალგაზრდა ტრენერებმა ანი ციცქიშვილმა და თეონა ბუაძემ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, ქ. სამტრედიის #15 საჯარო სკოლა–პანსიონის რთული (ასოციალური) ქცევის მქონე მოსწავლეებისთვის დაბა ურეკში ორგანიზებულ ბანაკში, ტრენინგები ჩაუტარეს ბანაკის ბენეფიციარებს. ტრენინგის თემები გახლდათ: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, სტერეოტიპები, ტოლერანტობა, პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრის გზები. ამ თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა სავარჯიშოების, ვიდეორგოლების ჩვენების და განხილვის, ქეისების განხილვის და მცირე სემინარების სახით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგების მიმდინარეობაში. ისინი ხალისით ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებას და ახდენდნენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას.
ბანაკი განხორციელდა 02.08.2013 – 06.08.2013 პერიოდში.

Monday, August 5, 2013

პატიების დღისადმი მიძღვნილი აქცია

4 აგვისტო პატიების საერთაშორისო დღეა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს ორგანიზებით პროგრამის სამიზნე ქ. რუსთავის #1, #4, #12, #24, #15, #20 და მარტყოფის #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა რუსთავში აღნიშნეს პატიების საერთაშორისო დღე. სიქა-ს ოფისში გაიმართა პატიების თემაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება-განხილვა. დისკუსიის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა ქ. რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე მოაწყვეს მსვლელობა. მსვლელობის განმავლობაში ქ. რუსთავის მოსახლეობა გაეცნო ინფორმაციას პატიების დღესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა მათ მიერ დამზადებული პოსტერების საშუალებით შეახსენეს მოსახლეობას პატიების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა პოსტერებზე გადაიტანეს მოწოდებები : „პატიების გარეშე არ არსებობს მომავალი“, „მე ვაპატიე, შენ?“ და სხვა. თემის წევრებმა პოსტერებზე სიმბოლური ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ისინიც უერთდებოდნენ ამ მოწოდებებს. 
პატიების საერთაშორისო დღის აქციის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ახალგაზრდა მოხალისეები, აგრეთვე თბილისელი სამოქალაქო კლუბების წევრები. აქცია ქ. რუსთავის იუსტიციის სახლთან დასრულდა, სადაც მოეწყო შემაჯამებელი აქტივობა.