Friday, January 27, 2017

მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმის მეორე ნაკადი გაიმართა

 სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქა-ს ორგანიზებით, 26 იანვარს ქ.რუსთავში,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების 19 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა.
ფორუმზე მოსწავლეეთა ჯგუფებმა იმუშავეს მათ თემში არსებული აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე და ფასილიატორის დახმარებით, შექმნეს პროექტები. თითოეულ პროექტს პროგრამა დააფინანსებს მცირე გრანტით, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტის რეალურად განხორციელებასა და დასახული მიზნის მიღწევაში. იხ. ფოტოალბომი
ფორუმს დაესწრნენ და მოსწავლეთა პრეზენტაციებს გაეცნენ მოწვეული სტუმრები: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, PH International-ის მცირე გრანტების მენეჯერი ინგა ქიბროწაშვილი, რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი  გიგა ჯღარკავა, CENN წარმომადგენელი გიორგი დემურაშვილი, ქვემო ქართლის სატყეო მეურნეობის წარმომადგენელი თეა გეთიაშვილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების: სამღერეთის, ბოგვისა და ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჯგუფმა შეიმუშავა პროექტი გარემოს დაცვაზე, რაც გულისხმობს შემდეგი პრობლემების ადვოკატირება-მოგვარებას: სოფელ ერტისში ნაგვის ურნების დადგმა და ნაგვის გატანის უზრუნველყოფა, სოფელ ბოგვში დანაგვიანებული სარწყავ-სანიაღვრე არხის გაწმენდა, სამღერეთში დანაგვიანებული ადგილების დასუფთავება-გამწვანება. ამ პროექტმა ორგანიზაცია CENN-ის და თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობის მხარდაჭერა მოიპოვა.
დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების: მაშავერას, ამამლოსა და დიდი დმანისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა პროექტი მოიცავს დმანისის მუნიციპალიტეტის ნაკლებად ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა-პოპულარიზაციას. ამ პროექტს მხარდაჭერა აქვს დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისგან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების: „დავითიანის“. ბოლნისის #2, ქვემო ბოლნისის #2 და დისველის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი ინტეგრაციის თემაზე, რომლის მიზანია კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა და 3 ეთნოსის (ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი) ახალგაზრდების დამეგობრება. პროექტს მხარდაჭერა აღუთქვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების: სავანეთის, მუხრანასა და რაჭისუბნის სკოლების მოსწავლეებმა იმუშავეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის თემაზე. მათი პროექტი გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას, შეხვედრებს ცნობილ სპორტსმენებთან და სპორტული ტურნირების მოწყობას. პროექტის მხარდამჭერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური.
რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების: „რუსთველის“, „რეცას“, რუსთავის #6, ახალი სამგორისა და ყარათაკლიის საჯარო სკოლების მოსწავლეების პროექტი ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის მონიტორინგს, საღამოს საათებში ქალაქის გარეუბნებსა და მიმდებარე სოფლებში საქალაქო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის გახანგრძლივებას. პროექტის მხარდამჭერია რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი და   ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია.
ახალგაზრდულ ფორუმზე შემუშავებული ყველა პროექტს მოსწავლეები განახორციელებენ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში პროგრამისგან „მომავლის თაობა“ მიღებული მცირე გრანტითა და მოპოვებული მხარდამჭერების ხელშეწყობით.

პროგრამა „მომავლის თაობას“  აფინანსებს USAID - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახორციელებს PH International, მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.   

No comments:

Post a Comment