Friday, November 16, 2012

აზერბაიჯანელი მოსწავლეების ვიზიტი თბილისის იუსტიცისს სახლში და იუსტიციის სამინისტროში

სიქა-ს ორგანიზებით 13 ნოემბერს, ქესალოს, ვახტანგისისა და გარდაბნის არაქართული სკოლების 20 მოსწავლე და 3 მასწავლებელი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ. 

ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ სტუმრებს სამინისტროს დეპარტამენტები და  სასწავლო ცენტრი დაათვალიერებინა.  მოსწავლეები გაეცნენ სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებს, დასაქმების პერსპექტივას. ყველაზე მეტად კი სტაჟირების სისტემით დაინტერესდნენ, რომელსაც სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტი ახორციელებს.  მათმა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა სამომავლოდ ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში.

მარნეულის რაიონის აზერბაიჯანელი მოსწავლეები სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდნენ

2012 წლის 8 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის აზერბაიჯანული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ქვემო ქართლში მანსურ იუზბაშოვთან და მის ასისტენტთან ხალიდა კარიმოვასთან.
შეხვედრას დაესწრნენ ჯანდარის, მარნეულის #1,3,8,7, კაფანახჩის, , ნახიდურის, თაზაქენდის, ჭაპალას, ალგეთის სკოლების (სულ 10 აზერბაიჯანული სკოლის) 68 წარმომადგენელი. შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა. განხილული იქნა ადამიანის ძირითადი უფლებები, მდგომარეობა საქართველოში და კონკრეტულად ქვემო ქართლის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. წარიმართა აქტიური დისკუსია სახალხო დამცველის წარმომადგნელებსა და მოწვეულ სამოქალაქო კლუბების წევრებსა და მეურვეებს შორის. მონაწილეები კმაყოფილნი დარჩნენ შეხვედრით, გამოთქვეს სურვილი მსგავსი დისკუსიებისა და სემინარების მეტი სიხშირით ჩატარებისა.

სიქა-მ საერთაშორიო "სასწავლო ტურებს" უმასპინძლა

5-6 ნოემბერს სიქა-მ უმასპინძლა ორ დელეგაციას, რომლებიც საქართველოში სასწავლო ტურის პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ. პროექტების "Youth Work Reality in Georgia" და "Youth Work in Rural area" მონაწილეების სიქა-ს გამოცდილების მაგალითზე გაეცვნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის თავისებურებებს, პრობლემებსა და გამოწვევებს. 50-დე უცხოელი სტუმარი კმაყოფილი დარჩა სიქა-ს პრეზენტაციებზე მიღებული ინფორმაციით, გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

რუსთავისა და ბათუმის სამოქალაქო კლუბები დამეგობრდნენ

2 ნოემბერს სიქა-ს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სტუმრად ეწვია აჭარის დელეგაცია. ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონების აქტიურმა სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა ერთმანეთს გაუზირეს საკლუბო მუშაობისა და წარმატებების გამოცდილება. რუსთავის #12,15 და მე-20 სკოლებსა და ბათუმის ელიტარულ სკოლა "გორდას", #2 და #9 სკოლებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც რეგიონების სკოლები გააგრძელებენ თანაშრომლობას, დაგეგმავენ და ერთობლივად განახორციელებენ სამოქალაქო აქტივობებს.

აზერბაიჯანულ სკოლაშ ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

23 ოქტომბერს ძველი ქვეშის აზერბაიჯანულ სკოლაში ACETT პროგრამის საგრანტო პროექტი ფარგლებში შექმნილი ქართული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მოეწყო. სიქა პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. პროგრამაში ჩართულია 34 არაქართული სკოლა ქვემო ქართლის რეგიონიდან. გრანტის ფარგლებში შექმნილი ქართული ბიბლიოთეკა წარმატებით ფუნქციონირებს და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციას. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის დეპუტატი, პროგრამა ჰარმონიის წარმომადგენელი, მეზობელი აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

შეხვედრა "იმედის გმირთან"

19 ოქტომბერს სიქა-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონში შედგა მასშტაბური ღონისძიება - სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების აქტიური წევრები შეხვდნენ მოწვეულ სტუმარს ნანა ნერსეზაშვილს. შეხვედრა შედგა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას დაესწრო პროგრამაში ჩართული 13 საჯარო სკოლის 63 მოსწავლე.

სამუშაო შეხვედრა და მოწვეული სტუმარი სართიჭალის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებთან

სიქა-ს ორგანიზებით 28 ნოემბერს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სართიჭალის #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს საკუთარი კლუბების საქმიანობები გააცნეს, რის შემდეგაც კლუბების მიხედვით გადანაწილდნენ და კლუბის მუშაობის სამომავლო გეგმები დასახეს. დაგეგმილი აქტივობები ერთად განიხილეს და ერთმანეთისგან რჩევები მიიღეს. შეხვედრის მეორე ნაწილში მცირე გრანტების საკონსულტაციო შეხვედრა შედგა. მოსწავლეები გაეცნენ კონკურსის თემებს და განაცხადის შევსების პროცედურას. შეხვედრას სართიჭალის 2 სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო.

სემინარი - რატომ უნდა გავხდე მოხალისე

29 აგვისტოს სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სემინარი "რატომ უნდა გავხდე მოხალისე". მოხალისის ცნება, მოხალისეობის მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საქართველოსა და უცხოეთში ქართველი ახალგაზრდებისათვის მოხალისეობის პერსპექტივები - ეს გახლდათ სემინარის ძირითადი თემები. შეხვედრას დაესწრო 50-დე რუსთაველი და თბილისელი ახალგაზრდა. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია ევროპული მოხალისეობრივ სერვისის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.