Wednesday, May 16, 2018

სიქას ორგანიზებით ხაიშის საჯარო სკოლაში დებატების ტრენინგი ჩატარდა

14 მაისს ხაიშის საჯარო სკოლაში სიქას ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ჩატარდა დებატების ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშისა და წინწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები. ტრენინგს უძღვებოდა სიქას მოხალისე, გამოცდილი მოდებატე და მსაჯი თამარ ქურდაძე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო კარლ-პოპერის (ფასეულობითი) დებატის სტრუქტურა და წესები. მოსწავლეებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც მოსინჯეს, იდებატეს რეზოლუციით "ზოოპარკი უნდა აიკრძალოს". დებატების შემდეგ, ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ დებატი წესების დაცვით მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, გამოსცადეს საკუთარი თავი სწრაფ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობაში. ფოტო

Wednesday, May 2, 2018

მინი ფორუმი მარნეულში

30 აპრილს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში გაიმართა მინი ფორუმი, რომელსაც დაესწრო PH International წარმომადგენელი, პროგრამაში "მომავლის თაობა" რეგიონული ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი, თამარ ფრუიძე. მინი ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანი იყო სკოლების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა-გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.
მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა ისაუბრეს პროგრამის ფარლებში უკვე გაწეული საქმიანობის შესახებ, კერძოდ განხორციელებულ საკლასო პროექტებზე, თემისა და სკოლის საჭიროებების კვლევის შედეგებზე, კონკურსებში მონაწილეობაზე, მცირე გრანტის პროექტების მიმდინარეობაზე, და რა აქვთ დაგეგმილი სასწავლო წლის დასრულებამდე, რაში სჭირდებათ დახმარება პროგრამისგან და პარტნიორი ორგანიზაციისგან.
მინი ფორუმზე თითოეული სკოლისთვის გაკეთდა გეგმის მონახაზი სამოქალაქო კლუბის კონკრეტული ინიციატივისთვის, რომელზეც მოსწავლეები იმუშავებენ და განახორციელებენ სკოლასა და თემში. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლში - სიქა დაეხმარება სკოლებს ადამიანური და მატერიალური რესურსებით დასახული მიზნების მისაღწევად.

Tuesday, May 1, 2018

სიქას მოხალისეები შეუერთდნენ Erasmus+ პროექტს რუმინეთში


სიქას მოხალისეები ლუკა სუთიაშვილი და ანი გელაშვილი აპრილის თვიდან შეუერთდნენ პროგრამის Erasmus+ ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული მოხალისეობრივი სერვისის პროექტს რუმინეთში "Green Color for Creativity".
ქართველი მოხალისეები სხვა ევროპელ მოხალისეებთან ერთად 12 თვის განმავლობაში იმუშავებენ რუმინეთში, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და თემის წევრებისათვის დაგეგმავენ და განახორციელებენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.

Tuesday, April 24, 2018

სიქას ლიდერთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა

22 აპრილს შედგა სიქას მომავალ ლიდერთა კლუბის მეოთხე შეხვედრა. ინტერაქტიული თამაშებისა და სავარჯიშოების მეშვეობით მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ლიდერობისა და გუნდში მუშაობის უნარები.

Monday, April 23, 2018

სიქა დელეგაცია მონაწილეობს Erasmus+ გაცვლით პროექტში "Get New habit"

სიქას დელეგაცია მონაწილეობას იღებს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "Get New habit". პროექტი ლატვიაში ტარდება და მასში მონაწილეობენ ახალგაზრდები საქართველოდან, ლატვიიდან, საფრანგეთიდან და სერბეთიდან. პროექტის თემაა გარემოსდაცვა და ნარჩენების გადამუშავება, ასევე ინტერკულტურული თანამშრომლობა და ინტერკულტურული კომუნიკაცია.

პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სიქა თანამშრომლოს ქვემო ქართლის სკოლებთან


სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სიქა აქტიურად თანამშრომლობს ქვემო ქართლის 33 სკოლასთან და ეხმარება სამოქალაქო კლუბების შექმნასა და ინიციატივების შემუშავება-განხორციელებაში.
პროგრამას ახორციელებს PH International, USAID დაფინანსებით, სიქა არის პროგრამის პარტნიორი ქვემო ქართლის რეგიონში.

Saturday, April 21, 2018

ACCESS პროგრამის ბენეფიციარებმა დედამიწის დღე აღნიშნეს

19 აპრილს ACCESS პროგრამის რუსთაველმა ბენეფიციარებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. სიქა-ში მოეწყო დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოკლე ფილმის ჩვენება, მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებებზე, გაიმართა დისკუსია, რომლის შემდეგ ინდივიდუალურად გაწერეს, რისი გაკეთება შეუძლიათ, რომ დედამიწა არ დანაგვიანდეს. მიღებული ინფორმაციის შეჯერებით ჯგუფებში დაამზადეს თემატური პლაკატები.

Monday, April 16, 2018

სიქაში "მომავალ ლიდერთა კლუბის" მორიგი შეხვედრა გაიმართა

15 აპრილს სიქაში ჩატარდა "მომავალ ლიდერთა კლუბის" მესამე შეხვედრა. ინტერაქტიული თამაშებისა და სავარჯიშოების მეშვეობით მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ლიდერობისა და გუნდში მუშაობის უნარები.

დასრულდა პროექტის "ბრილიანტის გამოწვევა" 2018 წლის კონკურსი


დასრულდა 2018 წლის კონკურსი "ბრილიანტის გამოწვევა". აშშ-ში "ახალგაზრდა მეწარმეთა სამიტზე" წელს 17 ქვეყნის გუნდი შეხვდა ერთმანეთს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ფულადი პრიზების მოგების გარდა შეხვედროდნენ ცნობილ ადამიანებს და მათგან რჩევები მიეღოთ, ასევე გაეცნოთ ახალგაზრდები მონაწილე ქვეყნებიდან. www.diamondchallenge.org კონკურსში მონაწილეობდა ქართული გუნდიც „დვრიტა“. 
ბრილიანტის გამოწვევა დელავერის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც საქართველო 2014 წელს შეუერთდა. კონკურსი ორი მიმართულებით ეწყობა: ბიზნეს და სოციალური პროექტების მიმართულებით. „ბრილიანტის გამოწვევა“ სასწავლო ინიცატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება. დელავერის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ EMT საქართველოში პროექტის განმახორციელებელია, პროექტის სრული პარტნიორი კი ააიპ სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაა. 
მალე 2019 წლის კონკურსი გამოცხადდება.

Sunday, April 1, 2018

მომავალ ლოდერთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა

1 აპრილს ჩატარდა სიქა-ს "მომავალ ლიდერთა კლუბის" მეორე შეხვედრა. ინტერაქტიული თამაშებისა და სავარჯიშოების მეშვეობით მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები. 

Saturday, March 31, 2018

ACCESS პროგრამის ბენეფიციარებს აშშ საელჩოს წარმომადგენელი სიქაში ეწვია

27 მარტს, სიქა-ში მიმდინარე ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (English Access Microscholarship Program) მონაწილეებს აშშ საელჩოს წარმომადგენელი, საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ჯეფ რენო ეწვია. სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა უცხო ენების ცოდნის მნიშვნელობაზე, საკუთარ გამოცდილებაზე . ჯეფ რენომ უპასუხა მოსწავლეების კითხვებს და გაუზიარა მისი შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ, ურჩია მოსწავლეებს გაიღრმავონ უცხო ენების ცოდნა, რაც დაეხმარება მათ სწავლის გაგრძელებასა და დასაქმებაში.

შეხვედრა ომბუდსმენის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელთან მურად გუსეინოვთან

30 მარტს სიქა-ს ორგანიზებით, პროგრამის"მომავლის თაობა" ფარგლებში, მოეწყო მოსწავლეების შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელთან ბა-ნ მურად გუსეინოვთან. შეხვედრას დაესწრო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს #1, საბირკენდის #1, ალგეთის #2 და აზიზკენდის საჯარო სკოლების IX-X კლასების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ღონისძიების მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებები. მურად გუსეინოვმა მიმოიხილა ადამიანის უფლებების ისტორია, განმარტა რაში მდგომარეობს ადამიანის უფლებები  და რა სახის დარღვებია ამ მხრივ საქართველოში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს დასმულ შეკითხვებზე და გამოთქვეს სამომავლოდ ომბუდსმენის ოფისთან თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრა მიმდინარეობდა აზერბაიჯანულ ენაზე. ფოტოალბომი

Tuesday, March 27, 2018

"მომავალი ლიდერების" პროგრამით კლუბის ახალმა ნაკადმა პირველი შეხვედრა ჩაატარა

25 მარტს სიქა-ში დაიწყო "მომავალ ლიდერთა კლუბის" ახალი სეზონი.
"მომავალ ლიდერთა კლუბის" პირველი შეხვედრა გაცნობით თამაშებს დაეთმო. მონაწილეებმა სახალისო და შემეცნებითი თამაშების მეშვეობით ერთმანეთს გააცნეს საკუთარი თავი, მათი ინტერესები. საკლუბო შეხვედრა ჩატარდება ყოველ კვირა დღეს სიქას ოფისში.

Sunday, March 25, 2018

პროგრამის "მომავლის თაობა" ოფიციალური გახსნა ქვემო ქართლის რეგიონში

23 მარტს სიქას ორგანიზებით გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ საზეიმო  გახსნა ქვემო ქართლის რეგიონში. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორის სკოლების დირექტორები, მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტიდან, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, თვითმმართველობის, რესურსცენტრის, სახალხო დამცველის ოფისის და  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენლები.
შეხვედრის დასაწყისში სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ  დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროგრამის მიზნები და ამოცანები, მოკლედ მიმოიხილა განხორციელებული სამოქალაქო პროგრამების შედეგები ქვემო ქართლის რეგიონში, წარმატებული სამოქალაქო ინიციატივების მაგალითები. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონულმა თავჯდომარემ ლიანა ღუღუნიშვილმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობაზე და იმ შეთავაზებებზე, რასაც ფორუმი ითვალისწინებს  სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიული ზრდისთვის.

Wednesday, February 28, 2018

სიქაში "მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსის" ახალი სეზონი იწყება

სიქა  გთავაზობთ მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსს 9-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. კურსის მიზანია მოზარდებმა ადრეული ასაკიდან განივითარონ ლიდერის უნარ-ჩვევები. არაფორმალური განათლების მეთოდებით ჩატარებული სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა გამოწვევებს/სიტუაციებს და თავად  გააკეთებენ დასკვნებს. ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს მოზარდის მიმღებლობის გაზრდას და ურთიერთობის გაუმჯობესებას თანატოლებთან.

მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, შემდეგი თემებით:
1.       გაცნობა-ჯგუფური შეთანხმება;
2.       ყინულის დნობა, ჯგუფის შეკვრა;
3.       ტოლერანტობა/პატივისცემა;
4.       ეფექტური კომუნიკაცია;
5.       გუნდურობა;
6.       ლიდერობა;
7.       სტერეოტიპები;
8.       კულტურული მრავალფეროვნება;
9.       შემოქმედებითობა;
10.   პასუხისმგებლობა;
11.   პრეზენტაციის უნარები;
12.   ლოგიკური აზროვნება/დაკვირვება

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 1,5 საათი.
კურსის შეხვედრები გაიმართება კვირა დღეს, 13:30-15:00 სთ.
კურსის ღირებულება რუსთავში: 39 ლარი თვეში (ფასი მითითებულია დღგ-ს ჩათვლით)

ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულსhttp://webanketa.com/forms/68skee1k60qp8c9j74sk6cb2/
 რეგისტრაცია გაგრძელდება 20 მარტამდე. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება სიქა-ს წარმომადგენელი.
კურსი დაიწყება 25 მარტიდან.