Sunday, March 26, 2017

მოსწავლეების შეხვედრა უბნის ინსპექტორებთან ადრეული ქორწინებისა და ოჯახური ძალადობის თემაზე


24 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქას ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოწვეული სტუმრები: ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორი მაია ფელიშვილი და ამავე დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორი ნურლანა ახმედოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - კირაჩმუღანლოს, ყულარის, ქვემო სარალისა, თაქალოს საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. სტუმრებმა ისაუბრეს ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძაალადობის საკითხებზე. ქალბატონმა მაიამ ახალგაზრდებს დაწვრილებით განუმარტა ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით არსებობს ქართულ კანონმდებლობაში. დეტალურად ისაუბრა სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებასა და 150 პრიმა მუხლზე, რომელიც ქორწინების იძულებას შეეხება. მოსწავლეებს განემარტათ თუ რას ნიშნავს ქორწინების იძულება და როგორ უნდა დაიცვან თავი ამგვარი იძულებისაგან. მასწავლებლებს განემარტათ ის დადგენილება, რომლის თანახმადაც მათ ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, თუკი მათთვის ცნობილი გახდება ქორწინების იძულების ფაქტის შესახებ. გარდა ამისა, სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რასაც ზოგადად იწვევს ადრეული ქორწინება. 

გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორი ნურლანა ახმედოვა ახალგაზრდებს ესაუბრა ოჯახში ძალადობის და ამგვარი ძალადობისგან თავდაცვის საშუალებებზე. შეხვედრის მონაწილეებს სტუმრებმა დაურიგეს აზერბაიჯანულენოვანი ბროშურები, სადაც დეტალური ინფორმაციაა იმის თაობაზე, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამგვარ შემთხვევებში. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, შეხვედრაზე მოწვეული იყო აზერბაიჯანელი აქტივისტი გიულერ იბრაგიმოვა. გიულერმა შეხვედრის მონაწილეებს უჩვენა რუბრიკა "ქალები რეგიონიდან" ფარგლებში მასზე გადაღებული ფილმი. მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც აზერბაიჯანელი გოგონებისთვის არსებობს განათლების მიღების, პროფესიული წინსვლისა და სამოქალაქო აქტივიზმის გზაზე.
პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვიტარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment