Friday, April 11, 2014

რუსთავში ქვემო ქართლის სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა


10 აპრილს რუსთავში ქვემო ქართლის სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა.  ფორუმს დაესწრო ბანაკის მონაწილე 24 (მათ შორის 12 ქართული და 12 აზერბაიჯანული) სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეები, მოსწავლეები, პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებმა ტრენერებისა და ლიდერების ფასილიტაციით მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 10 პროექტი შექმნეს, რომელთაგან ბანაკის ფარგლებში 1300$ ოდენობის გრანტი გაიცა 7 პროექტზე. შედეგად ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში მოსწავლეების ძალისხმევით თითო, თემისათვის მნიშვნელოვანი, პრობლემა მოგვარდა: ქ. რუსთავში მე-12 მკრ-ნთან გზაზე მოეწყო წრიული და დაიდგა 9 საგზაო ნიშანი; წალკის მთავარ ქუჩაზე, სადაც საბავშვო ბაღი და სკოლაა განთავსებული, და ბოლნისის 4 ქუჩაზე მოეწყო მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერები, დაიდგა საგზაო ნიშნები; მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე  134 შენობაზე განთავსდა  მისამართის აბრები; მარტყოფში შეკეთდა და შემოიღობა სასმელი წლის ავზი, რომლიდან მიწოდებული წყლით 3000-ზე მეტი მოსახლე სარგებლობს, დმანისის სპორტულ მოედანზე მოეწყო ორი დამხმარე ნაგებობა -  გასახდელი სპორტსმენებისათვის.
ფორუმს ესწრებოდნენ პროგრამის განმხორციელებელი ორგანზაცია PH International-ის წარმომადგენლები, ქ. რუსთავის მერი დავით  ჯიქია  და მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე,  დმანისის საკრებულოს თავჯდომარე ნოდარი ადუაშვილი. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს განხორციელებული პროექტების ანგარიში, ნაჩვენები იქნა ფილმი ბანაკის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

ქ. რუსთავის მერმა დ. ჯიქიამ და დმანისის საკრებულოს თავჯდომარემ ნ. ადუაშვილმა აღფრთოვანება გამოთქვეს მოსწავლეების აქტიური მოქალაქობრივი პოზიციით და მომავალშიც დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს თემის საჭიროებების მოსაგვარებლად დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში.

No comments:

Post a Comment