Thursday, December 25, 2014

გარდაბნის სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები მოწვეულ სტუმარს შეხვდნენ

25 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები წარმატებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და ტრენერს უსაფრთხოების საკითხებში ბაჰარ ნეიმატოვას შეხვდნენ. 
ბაჰარ ნეიმატოვა ამჟამად BP-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის ტრენერია, აქვს ჟურნალისტური კარიერა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა წარმატებებს მიაღწია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს საკუთარი თავი წარუდგინა 
და საქმიანობა გააცნო, რის შემდეგაც მიზანდასახულობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
საუბარში აქტიურად ჩაერთვნენ სამოქალაქო კლუბების წევრები და დისკუსია გამართეს იმ პრობლემებზე, რომელიც გოგონებს ხელს უშლით საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ხელის შემშლელ ფაქტორებად გენდერული პრობლემები და მენტალიტეტი დასახელდა. ახალგაზრდებმა მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად საჭიროა რეალიზებული ქალბატონები თემში და გოგონებმაც გამოთქვეს სურვილი სრულფასოვანი განათლება მიიღონ და კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. 
შეხვედრის დასასრულს ბაჰარმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა 
ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია  და ყველას აქვს უფლება იბრძოლოს საკუთარი 
მიზნებისა და სურვილების განსახორციელბლად; ბიჭებს კი მოუწოდა, რომ გამოვიდნენ 
მშობლების ჩრდილიდან და ისე მოექცნენ ქალბატონებს, როგორც ეს თანამედროვე რეალობაშია მიღებული.
შეხვედრა ორივე მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა და მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სტუმართან საუბარმა კიდევ ერთხელ დააფიქრათ არსებულ რეალობაზე და მოტივაციაც აუმაღლათ. 

შეხვედრას ჯანდარის, ნაზარლოსა და  გარდაბნის #4 სკოლის 13 მოსწავლე და 2 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დაესწრო.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment