14 დეკემბერს სიქას ორგანიზებით მოეწყო პროგრამაში
„მომავლის თაობა“ ჩართული ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების
შეხვედრა Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის წარმომადგენელთან ნინო ნანიტაშვილთან.
შეხვედრას უმასპინძლა ქ.ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანმა“.
შეხვედრაზე ნინო ნანიტაშვილმა ისაუბრა თავისი საქმიანობის
შესახებ, როგორ დაიწყო მისი თანამშრომლობა Google-ითან, რა არის კომპიუტერული მეცნიერებები,
რა პროფესიებს მოიცავს, როგორია ამ სფეროში კარიერა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების
საშუალებით საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მოხდენა. სტუმარმა აღნიშნა, რომ
ახალგაზრდა უნდა ისწრაფოდეს გახდეს კარგი სპეციალისტი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ სფეროს
აირჩევს, და შეძლებს საკუთარი თავის დასაქმებას, რადგან პროფესიონალიზმს ყველგან აფასებენ
და ძლიერი კომპანიები, როგორიცაა მაგ. Google, ცდილობენ ითანამშრომლონ ნიჭიერ და ნოვატორ ადამიანებთან,
რომ მათთან ერთად წარმატებით გააგრძელონ წინსვლა.
მთავარია ახალგაზრდებმა ისწავლონ დროის სწორად ორგანიზება, მიზნის ჩამოყალიბება, ქმედებების დაგეგმვა, და წარმატებებისკენ გზა ხსნილი იქნება. განათლებული და პროფესიონალი ახალგაზრდობა საზოგადოების ის აქტიური ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასა და განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო Google-ის
ტექნოლოგიების სიახლეები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო პროცესში.
ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, მოესინჯათ Google-ის საათი - google watch და მუყაოს ყუთის
სათვალე - google cardboard box glasses , რომელიც სპეციალურად მათთვის მოიტანა ნინო
ნანიტაშვილმა შეხვედრაზე. მოსწავლეებმა ერთხმად
აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან საინტერესო და სტიმულის მიმცემი შეხვედრა იყო.
შეხვედრას დაესწრნენ სკოლების: „დავითიანის“, ბოლნისის
#2, რაჭისუბნის, მუხრანას, ქვემო ბოლნისის #2, სავანეთის, დიდი დმანისის, მაშავერას
მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სულ 56 მონაწილე.
სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული
ორგანიზაცია PH International-ის
მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით
და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა -
საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს
ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment