29 მარტს სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ინფექციური დაავადებების გადამდები გზები და პრევენცია“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება ჰეპატიტის სახეობების შესახებ, დაავადების რისკებზე და თავდაცვის გზებზე. ტრენინგს, რომელსაც ორგანიზაცია „ინდიგოს“ წარმომადგენლები ნაია იობაშვილი და თამარ დემეტრაშვილი ატარებდნენ, დაესწრო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ სამიზნე რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების 20 წევრი. თავდაპირველად ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად ფლობდნენ ინფორმაციას ინფექციური დაავადებების შესახებ, რის შემდეგ „ინდიგოს“ წარმომადგენლები ამავე თემაზე პრეზენტაციით წარსდგნენ მოსწავლეების წინაშე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამოქალაქო კლუბების წევრებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრის ბოლოს ტრენინგის შეჯამების მიზნით მოსწავლეებმა შეავსეს მეორე კითხვარი, რომელშიც აისახა, თუ რამდენად გაიზარდა მათი ინფორმირებულობა ინფექციური დაავადებებთან დაკავშირებით.
„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში სიქა აგრძელებს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას მოსწავლეთათვის, რაც ემსახურება მოზარდების ცნობიერების ამაღლებას.
No comments:
Post a Comment