Tuesday, April 30, 2013

რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები სტუმრად რუსთავის მერიაში


27 მარტს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე რუსთავის 9 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბების 13 წევრი რუსთავის მერიას ესტუმრა. შეხვედრა ორგანიზებული იყო სიქას მიერ, რომელიც წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლში. მოსწავლეებს შეხვდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კახა ბარათაშვილი.
შეხვედრის მთავარი თემა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სამომავლო პროექტების მიმოხილვა იყო.
შეხვედრამდე მოსწავლეებმა თემში ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რამდენად ფლობდა მოსახლეობა ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შესახებ და წინდაწინ უნდა იყოს თუ არა ინფორმირებული ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
მერიაში შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა კახა ბარათაშვილს გააცნეს გამოკითხვის შედეგები, რის შემდეგაც დასვეს კითხვები, რომლებიც შეეხებოდა შეჩერებულ პროექტებს, მიმდინარე წლის ქალაქის ბიუჯეტში გაწერილ პრიორიტეტებს და რუსთავში არსებულ კონკრეტულ პრობლემებს. კახა ბარათაშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, თვითმმართველობას დაეხმარონ მოსახლეობის დროულად ინფორმირმირებაში ქალაქში დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, რათა თემმა შეძლოს დაგეგმვის პროცესში თავისი წვლილის შეტანა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიურობისათვის. მან მზაობა გამოთქვა, მათთან ერთად განიხილოს ინიციატივები და იმსჯელოს არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.
"წარმატებული შეხვედრა იყო, რადგან მივიღეთ პასუხები ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვაზე. თუმცა ინფორმაცია რაც მივიღე, არცთუ ისე სასიამოვნო იყო, მაგრამ კარგია რომ თანახმანი არიან შეხვედრებზე და თანამშრომლობაზე. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები და უფრო აქტიურად "- განაცხადა შეხვედრის შემდეგ რუსთავის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ანი სანაიამ.
"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა", რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "PH International" და აფინანსებს USAID, ეხმარება მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად.

No comments:

Post a Comment