Thursday, August 20, 2015

სიქა აცხადებს კონკურსს ოჯახურ ძალადობაზე გრაფიტის ტექნიკით შაბლონის შესაქმნელად

სიქა აცხადებს კონკურსს ოჯახურ ძალადობაზე გრაფიტის ტექნიკით შაბლონის შესაქმნელად; კონკურსზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ნახატი, მოკლე მოწოდება/სლოგანი, მნიშვნელოვანია საკონკურსო ნამუშევრის შინაარსობრივი დატვირთვა (ტექნიკურ დახვეწაზე მოგვიანებით გრაფიტის ოსტატები იმუშავებენ). ნამუშევრები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: siqa.org@gmail.com . გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს სიქა დაუფინანსებს ოქტომბრის მეორე ნახევარში პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას.

კონკურსის მიზანია ოჯახური ძალადობის ფაქტების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ხელი შევუწყოთ მოსახლეობის ცნობიერების ზრდას ოჯახური ძალადობის შესახებ.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 3 სექტემბერი.

სემინარი "კოსმეტიკური საშუალებების შერჩევის კრიტერიუმები"


18 აგვისტოს სიქაში პროექტის "ცხელი აგვისტო სიქასთან ერთად" ფარგლებში მორიგი სემინარი გაიმართა, რომელზეც პოლონელმა მოხალისემ ულა ვოზნიაკოვსკამ მონაწილეებს გააცნო კოსმეტიკური საშუალებების შერჩევის კრიტერიუმები. სემინარზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე კოსმეტიკის პროდუქტების წარმოებისას გამოყენებული ძირითადი ინგრედიენტების ჯგუფები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მონაწილეებმა მიიღეს რჩევები - რას უნდა მიაქციონ ყურადღება პროდუქციის შეძენისას, რათა თავიდან აირიდონ კოსმეტიკისა და ჰიგიენური საშუალებების გვერდითი ჩვენებები. სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა ალტერნატიული თავის მოვლის საშუალებების დამზადებისა და გამოყენების გამოცდილება. სემინარის დასასრულს მოეწყო სახალისო ლატარეა, სადაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება მოეგოთ სხვადასხვა თავის მოვლის კოსმეტიკური პროდუქტები.

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "Restart the game"

6-14 აგვისტოს სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტრენინგ კურსში "Restart the game", რომელიც ესტონეთში გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები და არაფორმალური განათლების მუშაკები 8 ქვეყნიდან. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა არაფორმალური განათლების ინსტრუმენტებით აღჭურვა. შეძენილ ცოდნას მონაწილეები აქტიურად გამოიყენებენ სამშობლოში ახალგაზრდებთან და მოზარდებთან მუშაობისას.

სემინარი თემაზე "როგორ ვიმოგზაუროთ იაფად"

13 აგვისტოს სიქას ოფისში მოეწყო სემინარი თემაზე "როგორ ვიმოგზაუროთ იაფად". მონაწილეები გაეცვნენ მინიმალური დანახარჯებით საინტერესო მოგზაურობის ორგანიზების შესაძლებლობას. პოლონელი და ქართველი ახალგაზრდებისაგან, რომელთაც მოგზაურობის დიდი გამოცდილება აქვთ, მიიღეს საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ონლაინ რესურსების მისამართები და პრაქტიკული რჩევები მინიმალური დანახარჯებით საინტერესო მოგზაურობის დასაგეგმად.

Friday, August 7, 2015

სიქას ახალგაზრდული დელეგაცია მონაწილეობს საერთაშორისო გაცვლით პროექტში "European Folk Variation under Polish Sky"

სიქას 7 ახალგაზრდისაგან შემდგარი დელეგაცია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გაცვლით პროექტში "European Folk Variation under Polish Sky", რომელიც იმართება პოლონეთში, ქალაქ ლოძში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კულტურული გამომხატველობისა და მეწარმეობის კომპეტენციების განვითარებას. სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით ახალგაზრდები იუმჯობესებენ გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარ-ჩვევებს, ეცნობიან ევროპული ქვეყნების ფოლკლორს, ტრადიციებს, კულტურას. პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდები იტალიიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან და მაკედონიიდან.

ცხელი აგვისტო სიქასთან ერთად - Hot August with SIQA

აგვისტოს ცხელი დღეების სასარგებლოდ გასატარებლად, 11 აგვისტოდან 26 აგვისტომდე ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 5 საათზე სიქაში, სასიამოვნოდ გრილ გარემოში, სიქას ევროპელი მოხალისეები გიწვევენ საინტერესო შეხვედრებზე.
სიქას გერმანელი და პოლონელი მოხალისეები რუსთაველ (და არა მხოლოდ რუსთაველ) დაინტერესებულ პირთ (ასაკის შეუზღუდავად) გთავაზობთ სემინარებს შემდეგ თემებზე:

• ჯანსაღი ცხოვრების წესი: დიეტების სამყარო, როგორ მოვიშოროთ ზედმეტი წონა, უკეთ ვიგრძნოთ თავი , გამოვიყურებოდეთ უკეთესად;
• როგორ ვიმოგზაუროთ უფულოდ - რჩევები და რეკომენდაციები იაფი/უფასო მოგზაურობისათვის;
• მთელი სიმართლე კოსმეტიკის შესახებ - რომელი შამპუნი და კრემი ნამდვილად აგვარებს თქვენს პრობლემებს და რომელია უბრალოდ ფულის ფლანგვა, პოპულარული კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობის ანალიზი . როგორ შევარჩიოთ საუკეთესო კოსმეტიკა ჩვენი კანის, თმისა და მოლოდინების შესაბამისად.
• ხელსაქმისა და გერმანული ნაციონალური ცეკვის ვორკშოპები;

• როგორ გავხდეთ მოხალისე უცხო ქვეყანაში - ცხოვრებისეული გამოცდილება და თავგადასვლები EVS და სხვა მოხალისეობრივი პროექტებიდან.

Sunday, August 2, 2015

სიქა-ს ორგანიზებით რიგით მესამე "წუწაობა ფართი" მოეწყო რუსთავში

30 ივლისს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა "წუწაობა ფართი". აღნიშნული ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება სიქას ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით. "წუწაობა ფართი" დატვირთული იყო სახალისო თამაშებით და წამახალისებელი პრიზებით. წლევანდელ წუწაობაში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკით 30-ზე მეტი ადამიანი იღებდა. იხილეთ ფოტოები.