6 თებერვალს, პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში, სიქას პოლონელი მოხალისეები გარდაბნის #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდნენ და ტრენინგი ჩაუტარეს გენდერული თანასწორობის თემაზე.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა იმსჯელეს, რა არის ზოგადად ადამიანის უფლება და იციან თუ არა საკუთარი უფლებები. განიხილეს ცხოვრებისეული მაგალითები, რომლის დროსაც ირღვევა ქალთა უფლებები. მაგალითები, რომლებიც მოსწავლეებმა დაასახელეს, აზერბაიჯანულ ოჯახებში ადრეულ ასაკში გოგონების გათხოვებას, სწავლისა და მუშაობის უუფლებობას შეეხებოდა.
მეორე ნაწილში მონაწილეები გადანაწილდნენ ჯგუფებად და სხვადასხვა ქეისები დაურიგდათ განსახილველად. ჯგუფში დისკუსიის შემდეგ კი ხმამაღლა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.
"აქამდე არ ვიცოდი, რა ითვლებოდა დისკრიმინაციის შემთხვევებად. ტრენინგზე მაგალითების მოყვანის შედეგად, მივხვდი ყოველდღიურ ცხოვრებაში სად ხდება დისკრიმინაცია, რაზეც აქამდე ყურადღება არ გამიმახვილებია" - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა მონაწილემ.
სიქა მსგავს ტრენინგებს პროგრამის "მომავლის თაობა" პარტნიორი სხვა აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვისაც გეგმავს.
პროგრამა „მომავლის თაობა“ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment