Monday, December 30, 2013

სიქა 2013 წლის ახალგაზრდულ ორგანიზაციად დასახელდა!

სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დასახელდა 2013 წლის ახალგაზრდულ ორგანიზაციად!

Tuesday, December 24, 2013

სიქა-ს საშობაო კარნავალი "სად დამალა გრინჩმა საშობაო საჩუქრები?"


2014 წლის 6 იანვარს გიწვევთ სიქა-ს მოხალისეების მიერ ორგანიზებულ კოსტუმირებულ საშობაო კარნავალზე, რომელიც დატვირთული იქნება სახალისო და საინტერესო აქტივობებით, კონკურსებით, სიურპრიზებით..ერთად ვიპოვოთ გრინჩის მიერ გადამალული საჩუქრები. კარნავალში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ასაკის შეუზღუდავად. კარნავალი ჩატარდება ქ. რუსთავის #18 სკოლაში. საკარნავალო ბილეთები, ღირებულებით 13 ლარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ სიქა-ს ოფისში. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სიქა-ს ოფისში, შარტავას #4 მიმდ. ტერიტორიაზე, ან დაგვირეკეთ (0341) 223133.

"ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის" მონაწილეებმა მოაწყვეს საშობაო ღონისძიება

23 დეკემბერს სიქა-ში მიმდინარე "ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის" მონაწილეებისათვის, სიქას ევროპელი და ამერიკელი მოხალისეებით ჩართულობით მოეწყო საშობაო ღონისძიება "Give a little more love this Christmas!". მოსწავლეები გაეცვნენ სხვადასხვა ქვეყნის საშობაო ტრადიციებს, ერთმანეთს მიულოცეს შობა-ახალი წელი მათ მიერ ხელნაკეთი საშობაო ბარათებით. ღონისძიების დასასრულს თითოეულმა მათგანმა მცირედი საშობაო საჩუქარიც მიიღო.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.382749131871909.1073741847.227659210714236&type=1

Thursday, December 19, 2013

სიქამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმში

სიქა აქტიურადაა ჩართული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმში, რომელიც 18 – 19 დეკემბერს თბილისში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ხორციელდება 2007 წლიდან, ყოველწლიურად ფორუმის მონაწილეთა რაოდენობა მატულობს. წელს ფორუმში მონაწილეობს საქართველოს 140-დე ახალგაზრდული ორგანიზაცია. ფორუმის მიზნები:
- სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა;
- მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;
- მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;
- მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ.
ფორუმი გახსნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა. სამინისტროს წარმომადგენლებმა, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" და „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათი ორგანიზაციების მუშაობის შესახებ.
18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარი დაეთმო ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენას.

ბაკურიანის ზამთრის ბანაკი - 2014

თუ შენ,
გინდა განსხვავებულად გაერთო, დაისვენო, იხალისო, შეიმეცნო ან უბრალოდ, არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული დღეები გაატარო, მაშინ მიჰყევი ამ ტექსტს ბოლომდე!

SIQA, EMT და CISV–ის გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ერთ–ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ბანაკს ბაკურიანში!!!
დაგეგმილია უამრავი საბანაკე აქტივობა, მხიარული და თავსატეხი სავარჯიშოები, გასართობი ენერჯაიზერები, თამაშები და გასვლები ბაკურიანის ტერიტორიაზე.

ბანაკის თარიღებია: 03.01.2014 – 07.01.2014
ბანაკის ღირებულება: 274 ლარი;
მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 13 წლიდან 30 წლამდე.

ბანაკი გაიმართება ზამთრის ყველაზე, აქტიური სეზონის დროს, ამიტომ, იჩქარეთ ადგილები ძალიან სწრაფად ივსება!

დარეგისტრირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე: Teklabuadze@gmail.com ან Kakhipasu@gmail.com ;

კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
571 740 861 (კახა ფაშურიშვილი)
599 455 233 (თეონა ბუაძე)
 

სამოქალაქო კლუბების ვიზიტი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში "112"

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქა-ს ორგანიზებით 12 დეკემებერს, რუსთავის სამოქალაქო კლუბების (#1, #2, #9, #15, #20, #21, #26 საჯარო სკოლებიდან) წევრები ესტუმრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტს.
ვიზიტორებს საინტერესო გიდობა გაუწიეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი, გაეცვნენ 112-ის მუშაობის სპეციფიკას, ზარების მიღებისა და გადამისამართების ტექნიკას, ასევე სამსახურში მომუშავე პერსონალის დასაქმების საფეხურებს.
კლუბების წევრებმა მასპინძლებს, დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რაზეც ამომწურავ პასუხებს მიიღეს.
აღნიშნული სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს, მოზარდებში სამოქალაქო კულტურის ამაღლებას, საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის ამაღლებას და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესების გაცნობას.
ვიზიტის დასასრულს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-ის თანამშრომლებმა ვიზიტის მონაწილეებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.

გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმატებული ინიციატივა

სიქა-ს სამიზნე სკოლის გარდაბნის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ერთსულოვნება“ წარმატებული საქმიანობისათვის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში ტექნიკის შთამბეჭდავი პაკეტი მიიღო საჩუქრად.
კლუბის წევრება გადაწყვიტეს მიღებული ტექნიკით სარგებელი თემის წევრებსაც ენახათ, საჭიროებების ანალიზის შედეგად მათ აღმოაჩინეს- გარდაბნის საბავშო ბაღებში არ არის მედია საშუალებები, რათა პატარებმა ერთად ნახონ და განიხილონ ანიმაციური ფილმები, რაც ხელს შეუწყობდა პატარების განათლებას, სხვადასხვა ეროვნების ბავშვების ინტეგრაციას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პატარებში ქართული ენის ცოდნის ამაღლებას.
კლუბ „ერთსულოვნების“ წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს ბ-ნ ჯემალ დავითაძეს ეწვივნენ, სთხოვეს დახმარება და შუამდგომლობა, გარდაბნის საბავშო ბაღებთან თანამშრომლობის შესახებ. ბატონი ჯემალის დახმარებით კლუბის წევრები 11 დეკემბერს გარდაბნის #3 ბაგა-ბაღს ეწვივნენ, სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, აისორი და სხვა ეროვნების პატარები ერთად იღებენ სკოლამდელ განათლებას. კლუბის წევრებმა ბავშვებს აჩვენეს რამდენიმე ანიმაციური ფილმი. ღონისძიებამ პატარების დიდი აღტაცება გამოიწვია.

Tuesday, December 10, 2013

სიქა-ში აქტიურად გრძელდება აივ ინფექცია შიდსზე ანონიმური ტესტირება

სიქა-ში აქტიურად გრძელდება აივ ინფექცია შიდსზე ანონიმური ტესტირების პროცესი. ტესტირება მოიცავს მარტივი სისხლის ანალიზის პროცესს, რომელიც უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად ტარდება. ტესტი არის უფასო და 20 წუთის განმავლობაში ატყობინებს თავის აივ/სტატუსის შესახებ ტესტის ჩატარების მსურველს. 
ტესტირებების ჩატარება გაგრძელდება 2014 წლის მაისის ბოლომდე ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანონიმური ტესტირება მიმდინარეობს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად.

სიქა-ს ახალგაზრდული დელეგაცია იტალიაში გაემგზავრა

სიქა-ს ახალგაზრდული დელეგაცია იტალიაში გაემგზავრა, სადაც ისინი მონაწილეობას იღებენ პროგრამა "ახალგაზრდები მოქმედებაში" - "Youth in Action"-ის ფარგლებში დაგეგმილ პროექტში "Raise your voice". 30 ახალგაზრდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 10 დღის განმავლობაში ერთად შეიმუშავებს ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზებს, ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაციისათვის მედიის სხვადასხვა საშუალებების აქტიურ გამოყენების შესაძლებლობებს. 

Sunday, December 8, 2013

რეგიონული დებატების ტურნირი

8 დეკემბერს, სიქა-ს ორგანიზებით, ქ. რუსთავის #22 სკოლაში რეგიონული დებატების ტურნირი მოეწყო, ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ქ. რუსთავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები.დებატების ტურნირი კარლ პოპერის/ფასეულობათა ფორმატით ჩატარდა, რეზოლუციით "საქართველოში მონარქიული მმართველობა გამართლებულია". ტურნირში მონაწილე 8 გუნდი ახალგაზრდა თანასწორგანმანათლებლებმა მოამზადეს, რომლებმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დებატ ბანაკში მიღებული ცოდნა სიქა-ს დებატების ტრენერებთან განამტკიცეს. ტურნირში პირველი ადგილები რუსთაველმა ახალგაზრდებმა დაიკავეს! ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და გვჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატებები ელით. გამარჯვებულ გუნდებს და საუკეთესო მოდებატეებს სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. იხილეთ ფოტოალბომი.

ახალგაზრდული ფორუმი რუსთავში

2013 წლის 7 დეკემბერს სიქა-მ ორგანიზება გაუკეთა ახალგაზრდულ ფორუმს, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო რუსთავის #1 საჯარო სკოლაში. ფორუმში მონაწილეობდნენ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები. მოსწავლეებმა ფორუმზე შეიმუშავეს მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის ინიციატივები, რომლებიც გააცვნეს ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოწვეულმა სტუმრება მოიწონეს ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზები და მხარდაჭერა აღუთქვეს პროექტების განხორციელების მიმართულებით. იხილეთ ფოტოალბომი.

პრეზენტაცია ამერიკაში შოპინგის თემაზე

5 დეკემბერს სიქა-ში მიმდინარე ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (English Access Microscholarship Program) მონაწილეებს ორგანიზაციის მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ალ ჩანდლერმა წარუდგინა პრეზენტაცია ამერიკაში შოპიგის თემის შესახებ. ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება უფრო ახლოს, პირველწყაროდან, გაცნობოდნენ ამერიკულ კულტურას და გაეუმჯობესებინათ ინგლისური ენის ფლობის დონე.
იხილეთ ფოტოალბომი.

Monday, December 2, 2013

სიქა-ს აქცია შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

1 დეკემბერს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა ღია აქცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად.
აქცია დაიწყო სიქას ოფისიდან მსვლელობით, რომელშიც მონაწილეობდა სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები და სამოქალაქო კლუბების წევრები. ღონისძიების მონაწილეები გზაში არიგებდნენ შიდსის სიმბოლოს წითელ ლენტებს, საინფორმაციო ბროშურებს და სტიკერებს. 
მსვლელობა დასრულდა რუსთავის მერიის წინ, სადაც მონაწილეებმა მოაწყვეს აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმის თემაზე დახატული პლაკატების გამოფენა. 
პარალელურ რეჟიმში სიქას ოფისში, მეგობრობის ქუჩა #12-ში მიმდინარეობდა ტესტირების პროცესი. ტესტირება მოიცავს მარტივი სისხლის ანალიზის პროცესს, რომელიც უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად ტარდება. ტესტი არის უფასო და 20 წუთის განმავლობაში ატყობინებს თავის აივ/სტატუსის შესახებ ტესტის ჩატარების მსურველს. 
ტესტირებების ჩატარება გაგრძელდება 8 თვის მანძილზე ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ღონისძიება დასრულდა მერიის წინ მიმდებარე მოედანზე მანათობელი ფრანების გაშვებით.

Sunday, December 1, 2013

სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა-ს ორგანიზებით 29 ნოემბერს მოეწყო ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მარნეულის #5, #6, #8, კუმისის, კოდის და რუსთავის #2, #9, #11, #15, #17, #20, #21, #22, #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები გაეცვნენ სამინისტროს შენობის ისტორიას, სამინისტროში მუშაობის სპეციფიკას.
ვიზიტორები გაეცვნენ რამოდენიმე დეპარტამენტის სტრუქტურას, დაათვალიერეს საკონფერენციო და მოლაპარაკების სივრცეები. მოსწავლეებს გიდობას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი ქალბატონი ნატო დგებუაძე.
სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბებისთვის საჯარო სამსახურებში ვიზიტებს.

ევროპელმა მოხალისეებმა "წმინდა ენდრიუს დღესთან" დაკავშირებით აქტივობა მოაწყვეს

29 ნოემბერს სიქა-ს პოლონელი, რუმინელი და ფრანგი მოხალისეების ინიციატივით, პოლონურ დღესასწაულ "წმინდა ენდრიუს დღესთან" დაკავშირებით სიქა-ს ოფისში მოეწყო საინტერესო აქტივობა, სადაც ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა უკეთ გაცნობოდნენ პოლონურ ტრადიციულ რიტუალებს.

ახალგაზრდული ფორუმი მარნეულში

30 ნოემბერს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის #5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტების 31 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრებმა. სიქა-ს ფასილიტატორების დახმარებით მოსწავლეებმა მუნიციპალტეტების მიხედვით გამოავლინეს თემში არსებული პრობლემები, შეიმუშავეს პრობლემების მოგვარების გზები. ფორუმზე სტუმრად მოწვეულ მხარდამჭერებს - მარნეულისა და თეთრიწყაროს გამგეობის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებმა წარუდგინეს შემუშავებული პროექტები და მომავალი თანამშრომლობის გზებიც დასახეს. ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო რეგიონის 90-ზე მეტმა ახალგაზრდამ.
ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH-International, სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.