Monday, December 2, 2013

სიქა-ს აქცია შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

1 დეკემბერს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა ღია აქცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად.
აქცია დაიწყო სიქას ოფისიდან მსვლელობით, რომელშიც მონაწილეობდა სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები და სამოქალაქო კლუბების წევრები. ღონისძიების მონაწილეები გზაში არიგებდნენ შიდსის სიმბოლოს წითელ ლენტებს, საინფორმაციო ბროშურებს და სტიკერებს. 
მსვლელობა დასრულდა რუსთავის მერიის წინ, სადაც მონაწილეებმა მოაწყვეს აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმის თემაზე დახატული პლაკატების გამოფენა. 
პარალელურ რეჟიმში სიქას ოფისში, მეგობრობის ქუჩა #12-ში მიმდინარეობდა ტესტირების პროცესი. ტესტირება მოიცავს მარტივი სისხლის ანალიზის პროცესს, რომელიც უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად ტარდება. ტესტი არის უფასო და 20 წუთის განმავლობაში ატყობინებს თავის აივ/სტატუსის შესახებ ტესტის ჩატარების მსურველს. 
ტესტირებების ჩატარება გაგრძელდება 8 თვის მანძილზე ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ღონისძიება დასრულდა მერიის წინ მიმდებარე მოედანზე მანათობელი ფრანების გაშვებით.

No comments:

Post a Comment