Saturday, May 28, 2016

EMT/SIQA/CISV-Georgia-ს გუნდი გთავაზობთ ინგლისურ-ქართულენოვან საზაფხულო ბანაკს


EMT/SIQA/CISV-Georgia-ს გუნდი გთავაზობთ ბანაკს ახალი პირობებით და პროგრამით!
ინგლისურ-ქართულენოვანი ბანაკი მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და შემოქმედებითი აზროვნება!
ბანაკი მათთვის, ვისაც სურს შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა და პიროვნული განვითარება!
ბანაკის ვადები: 23-30 ივნისი, 2016 წ.
დეტალური ინფორმაცია და ონლაინ ანკეტა იხილეთ ბმულზე:

Thursday, May 26, 2016

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით ტარდება ტურნირი მინი ფეხბურთში

სიქა აგრძელებს აქტივობების ორგანიზებას ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის კუთხით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებს შორის ტარდება ტურნირი მინი ფეხბურთში. 19 მაისს ერთმანეთს შეხვდნენ ჯანდარისა და ნაზარლოს უფროსკლასელი ვაჟები. საფეხბურთო მატჩი ნაზარლოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ფრენბურთის ტურნირი მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით

სიქა-ს ორგანიზებით და სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მარნეულის მუნიციპალიტეტში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა. ტურნირის მიზანი იყო ვაჟების გააქტიურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა დაახლოება-დამეგობრება.
აპრილისა და მაისის თვეებში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კაჩაგანის, ილმაზლოს, ქეშალოს, კირაჩმუღანლოს, თაქალოს, დამიაგეორარხის, ზემო სარალის და ქვემო სარალის საჯარო სკოლების სამოცამდე უფროსკლასელმა მოსწავლემ.
18 მაისს სოფელ კაჩაგანის #1 საჯარო სკოლის მოედანზე გაიმართა ფინალური შეხვედრა კაჩაგანის #1 და ზემო სარალის სკოლების გუნდებს შორის. ტურნირის ჩემპიონი მასპინძელი, კაჩაგანის #1 საჯარო სკოლა გახდა. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს გადაეცა გრენბურთის ბადე და ბურთი, გამარჯვებული გუნდი კი დაჯილდოვდა სპეციალური თასით.
ფრენბურთის ტურნირი მოეწყო პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას USAID–ის დაფინანსებით ახორციელებს PH International,  სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

Friday, May 13, 2016

გარდაბნელი მოსწავლეების შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელთან

10 მაისს სიქას ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული პროგრამის "მომავლის თაობა" სამიზნე სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრა გაიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: კალინინოს, ჯანდარას, ნაზარლოსა და გარდაბნის #4 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამგებელს გააცნეს პროგრამა “მომავლის თაობა” და მის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები. სამოქალაქო კლუბების წევრებმა თავად ისაუბრეს მათ სკოლასა და თემში არსებულ პრობლემებზე და გამგებელს მათ მოსაგვარებლად თანამშრომლობა სთხოვეს. ნაზარლოს სკოლის სამოქალაქო კლუბმა გამოკვეთა სოფლის დედაქალაქთან დამაკავშირებელი ტრანსპორტის არ არსებობის, მაწანწალა ძაღლებისა და სკოლასთან სანაგვე ურნის არ არსებობის პრობლემა. კალინინოს სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამგებელს სკოლასთან არსებულ გზაზე მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟებასთან დაკავშირებით სთხოვეს დახმარება, ჯანდარელმა ახალგაზრდებმა სკოლაში სპორტული დარბაზისა და მოედანის საჭიროებაზე ისაუბრეს, გარდაბნის მე - 4 სკოლამ კი აღნიშნა რომ მათ სკოლაში ყველაზე მწვავე წყლის პრობლემაა .გამგებელი კლუბის წევრებს აქტიურ თანამშრომლობასა და მათ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა და პირადად ბატონი გოჩა ჯამარაული აქტიურად დაუჭერენ მხარს სიქას ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საფეხბურთო ტურნირს, რომელშიც პროგრამაში ჩართული სკოლები მიიღებენ მონაწილეობას. გოჩა ჯამარაულის ფონდიდან გამოიყოფა თანხა თასის დასამზადებლად, რომელიც ჩემპიონატში გამარჯვებული სკოლის გუნდს გადაეცემა.