18 ნოემბერს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მოეწყო ვიზიტი GDS-ის ტელევიზიაში. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: თელეთის, ჯანდარას და ნაზარლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა.
ვიზიტის მონაწილეებს უმასპინძლა და GDS-ის შიდა სამზარეულოში ჩაახედა მენეჯერმა ნათია ბოლქვაძემ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა გადაცემების ჩაწერისათვის განკუთვნილი სტუდიები, სამონტაჟოები, ხმის ჩამწერი, გრაფიკული დიზაინის და საანონსო განყოფილებები და გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დაკავებულია ამა თუ იმ საქმიანობით. GDS-ის თანამშრომლებმა ვიზიტის მონაწილეებს გააცნეს მათი საქმიანობის ძირითადი ასპექტები და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. ვიზიტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ შიგნიდან ენახათ ტელევიზიის მუშაობა და ესაუბრათ მათთვის საყვარელი გადაცემების შემქმნელებთან. მოსწავლეებისათვის ეს სტუმრობა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი გამოდგა. ვიზიტის ბოლოს მონაწილეებმა GDS-გან სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს. ვიზიტი მოეწყო ტელევიზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 21 ნოემბერს აღინიშნება.