Sunday, March 26, 2017

მოსწავლეების შეხვედრა უბნის ინსპექტორებთან ადრეული ქორწინებისა და ოჯახური ძალადობის თემაზე


24 მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქას ორგანიზებით, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოწვეული სტუმრები: ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორი მაია ფელიშვილი და ამავე დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორი ნურლანა ახმედოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - კირაჩმუღანლოს, ყულარის, ქვემო სარალისა, თაქალოს საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. სტუმრებმა ისაუბრეს ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძაალადობის საკითხებზე. ქალბატონმა მაიამ ახალგაზრდებს დაწვრილებით განუმარტა ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით არსებობს ქართულ კანონმდებლობაში. დეტალურად ისაუბრა სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებასა და 150 პრიმა მუხლზე, რომელიც ქორწინების იძულებას შეეხება. მოსწავლეებს განემარტათ თუ რას ნიშნავს ქორწინების იძულება და როგორ უნდა დაიცვან თავი ამგვარი იძულებისაგან. მასწავლებლებს განემარტათ ის დადგენილება, რომლის თანახმადაც მათ ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, თუკი მათთვის ცნობილი გახდება ქორწინების იძულების ფაქტის შესახებ. გარდა ამისა, სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რასაც ზოგადად იწვევს ადრეული ქორწინება. 

შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთან


სიქა-ს ორგანიზებით,16 მარტს პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანელ ძიუდოისტთან, საქართველოს ჩემპიონთან და საერთაშორისო ტურნირების წარმატებულ მონაწილესთან - სამათ ალიევთან და მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენელთან - დავით ნაზღაიძესთან.

შეხვედრას დაესწრნენ პროექტის - "ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" ავტორები და სხვა მოსწავლეები ქვემო სარალის, ზემო სარალის, შაუმიანისა და ჯავშანიანის საჯარო სკოლებიდან. სამათმა აზერბაიჯანულ ენაზე ისაუბრა წარმატების მისაღწევად მის მიერ განვლილ გზაზე, სპორტის ადგილზე მის ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და მის სამომავლო გეგმებზე. 

Monday, March 13, 2017

მონაწილეობა ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში "Say It out loud"

3-12 მარტს რუმინეთის ქალაქ ბუსტენში პროგრამა "Erasmus plus" ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი "Say It out loud", რომელშიც მონაწილეობდა სიქას მიერ გაგზავნილი ქართული დელეგაცია. ქართველი, რუმინელი, პოლონელი და პორტუგალიელი ახალგაზრდები პროექტის განმავლობაში სწავლობდნენ საჯარო გამოსვლის ტექნიკას და ივითარებდნენ საჯარო გამოსვლის უნარებს. 

Thursday, March 9, 2017

ქართველი მოხალისეები მონაწილეობენ Erasmus+ პროექტში "Silesian institutions service quality relative to foreigners"

სიქამ კიდევ ორ ქართველ ახალგაზრდას მალხაზ ჯიღაურაშვილს და გიორგი თურქაძეს მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროპულ მოხალისეობრივ პროექტში "Silesian institutions service quality relative to foreigners". ქართველი ახალგაზრდები იტალიელ და ესპანელ ახალგაზრდებთან ერთად 12 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად იმუშავებენ პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, დაეხმარებიან მასპინძელ ორგანიზაციას Bona Fides მიმდინარე პროექტების განხორციელებაში.

Wednesday, March 1, 2017

ფორუმის მონაწილეების ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში


28 თებერვალს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კაჩაგანის, თაქალოს, არაფლოსა და ყულარის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეწვივნენ. მოსწავლეები შეხვდნენ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტებს: მარიამ ტყეშელაშვილს, ირმა ჩხეტიანს, ნინო კირვალიძესა და მარნეულის კულტურის ცენტრის წარმომადგენელს - ირაკლი ნოზაძეს. 
ახალგაზრდებმა გამგეობის წარმომადგელნებს გააცნეს მოსწავლეთა ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში მათ მიერ დაწერილი პროექტები და კონკრეტული აქტივობების განხორციელებაში გამგეობას მხარდაჭერა სთხოვეს. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი
გამოდგა. გამგეობის წევრებმა მოიწონეს მოსწავლეების გეგმები და მათ საპროექტო იდეების გახორციელებაში აქტიურ მხარდაჭერას დაპირდნენ. კერძოდ, გამგეობა აქტიურად ითანამშრომლებს კაჩაგანის # 1, # 2 და კირაჩმუღანლოს სკოლებთან, რომლებიც გარემოს დაცვით პროექტს ახორციელებენ და ასევე თაქალოს, ყულარის, არაფლოსა და შაუმიანის სკოლებთან, რომლებიც ინტეგრაციის ხელშემწყობ პროექტზე მუშაობენ.
პროგრამას "მომავლის თაობა" ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა წარმოადგენს პროგარმის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.