სიქას ორგანიზებით 11-12 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ილმაზლოსა და ქესალოს საჯარო სკოლებში გაიმართა აზერბაიჯანელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ილმაზლოს, ქესალოსა და ქეშალოს სკოლების 50 მოსწავლე და მასწავლებელი დაესწრო. მოწვეული სტუმრები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სოფო რუსეცკი და სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლები - მურად ჰუსეინოვი და მარი გვიდიანი.
სტუმრებმა ძირითადად ისაუბრეს ადრეული ქორწინების, ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის თემებზე. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აზერბაიჯანულ ენაზე გააცნეს ის საკანონმდებლო რეგულაციები, რაც ამ საკითხებთან მიმართებაში არსებობს. სტუმრებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ქორწინების მინიმალურ ასაკად განისაზღვრა 18 წელი, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. ასევე ისაუბრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150 პრიმა მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება დასჯადი ქმედება გახდა. სახალხო დაცველის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დამსწრე მასწავლებლებსა და სკოლების დირექტორებს ასევე განუმარტეს, რომ ადრეული ქორწინების შემთხვევის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში მათ ეკისრებათ შესაბამისი ორგანოებისათვის შეტყობინების ვალდებულება.
გარდა სამართლებრივი საკითხებისა, სტუმრებმა ასევე ისაუბრეს იმ უარყოფით შედეგებზე, რაც ადრეულ ქორწინებას თან სდევს: განათლების მიღების შეწყვეტა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება და ა. შ.
სახალხო დაცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის თემაზეც. გააცნეს მოსწავლეებს ამგვარი ძალადობის ფორმები და თავდაცვის გზები. მიაწოდეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზის შესახებ.
ორივე შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობითა და ინტერაქტივით წარიმართა. მაღალი იყო მასწავლებლებისა და დირექტორების ჩართულობაც.
No comments:
Post a Comment