Thursday, May 25, 2017

სიქას ახალი კლუბი ბავშვებისთვის "პატარა შემოქმედები"

ძვირფასო მშობლებო!!!
გსურთ თქვენმა პატარებმა :
• განივითარონ შემოქმედებითობა და საკუთარი ხელით შექმნან საინტერესო და სასარგებლო ნივთები?
• გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი სიქას ევროპელ მოხალისეებთან ურთიერთობით?
• მიიღონ არაფორმალური განათლების გამოცდილება?
სიქას კლუბი „პატარა შემოქმედები“ იწვევს 6-11 წლის ბავშვებს ერთ თვიან კლუბში, 29 მაისიდან ყოველ ორშაბათს 17:30-ზე. კლუბში მუშაობას გაუძღვებიან სიქას გერმანელი მოხალისეები კატალინა და ანიკა. კლუბში გაწევრიანება უფასოა მონაწილეთათვის.
ჯგუფის წევრთა შეზღუდული რაოდენობის გამო სასურველია წინასწარ ჩაწერა:
მისამართი: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. 12-56.
ტელ: 0341 223133;

სამუშაო შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან პროექტის „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში


22-23 მაისს სიქამ უმასპინძლა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გერმანიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში «Mehrbewegen! – Füreinestarke Kinder – und Jugendbeteiligungin Osteuropa» - „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“.

სამოქალაქო განათლების ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ერთობლივად იმუშავა სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების საერთაშორისო პრაქტიკული გზამკვლევის შექმნაზე. სიქა-ს აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე და გერმანული ორგანიზაცია DRA-ს წარმომადგენელი ირინა ბუხარკინა შეხვდნენ საქართველოში გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გააცნეს მათ პროექტის მიზნები, დაისახა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობა.

Wednesday, May 24, 2017

გარემოსდაცვითი კედლის ნახატის შექმნა სოფლის ცენტრში სასაზღვრო მაგისტრალზე

პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში სიქას მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის და კირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შეიმუშავეს და განახორციელეს გარემოსდაცვით პროექტი "დავიცვათ ჩვენი დედა-ბუნება". პროექტის საბოლოო აქტივობა გახლდათ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ნახატების კონკურსის ერთ-ერთი ნამუშევრის მიხედვით სოფელ კაჩაგანის ცენტრში კედლის მოხატვა. კაჩაგანის #1 სკოლამ ითანამშრომლა სოფელში მოქმედ მცირე ბიზნესთან, რომელმაც ახალგაზრდებს კედლის ნახატის შესასრულებლად კედელი გამოუყო სოფლის ცენტრში, სასაზღვრო ტრასაზე. პროფესიონალი მხატვრის დახმარებით ახალგაზრდებმა კედელზე გადაიტანეს კაჩაგანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლის ნახატი გარემოსდაცვითი მოწოდებებით ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. კედლის ნახატი და მოწოდებები ხელს შეუწყობს თემის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

Thursday, May 18, 2017

ახალგაზრდული ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება ბოლნისში

11 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სიქა-ს მიერ ორგანიზებული იქნა ახალგაზრდული ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროგრამაში "მომავლის თაობა" ჩართული 19 სკოლის მიერ განხორციელებული 5 ახალგაზრდული პროექტი. ახალგაზრდებმა მათ მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებით თავიანთი წვლილი შეიტანეს რუსთავში, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებში ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა: გარემოს დაბინძურება, კომფორტულად მგზავრობა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები, რომლებიც დაეხმარნენ მოსწავლეებს პროექტების განხორციელებაში.

ბავშვებსა და ახალგაზრდებში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება - კონკურსი „მეტი შეგვიძლია!“

სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გიწვევთ სასწავლო დაწესებულებებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა დაინტერესებულ პირს გაზიარება-კონკუსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გამოავლენს ბავშვებსა და ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების, პოლიტიკური განათლების, დემოკრატიული კულტურის აღზრდის საუკეთესო მეთოდურ მიდგომებს.
საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება-კონკურსის მიზანია ქართული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის შეკრება და გამოქვეყნება საერთაშორისო პრაქტიკულ სახელმძღვანელოში, რომელიც იქმნება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში: «Mehrbewegen! – Füreinestarke Kinder – und Jugendbeteiligungin Osteuropa» - „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“. ასევე დაგეგმილია ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის წარმატებული საგანმანათლებლო პრაქტიკის ეროვნული ონლაინ კატალოგის შექმნა, რომელიც განთავსდება ელექტრონულ ბიბლიოთეკაში პროექტის საიტზე: http://u18georgia.blogspot.com/
საუკეთესო პრაქტიკის ავტორები გამოცდილების გასაზიარებლად მიწვეულნი იქნებიან ბავშვთა და ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის საერთაშორისო კონფერენციაზე და II ახალგაზრდულ ფორუმზე „U 18 - მეტი შეგვიძლია“ კიევში, 2017 წ. ოქტომბერში.

Friday, May 5, 2017

პროექტის "საქართველო ჩემი სამშობლოა" შემაჯამებელი ღონისძიება


26 აპრილს, სიქას ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის "საქართველო ჩემი სამშობლოა" შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: თაქალოს, ყულარის, არაფლოს და შაუმიანის # 2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მიერ, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. 
პროექტის მიზანი იყო მასში ჩართული სკოლების ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის მოსწავლეების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ინტეგრაცია. გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე თითოეულმა სკოლამ წარადგინა კულტურული პროგრამა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული, აზერბაიჯანული და სომხური ლექსები, იმღერეს სამივე ეთნოსისთვის დამახასიათებელი სიმღერები, მოირგეს ტრადიციული ტანისამოსი და შეასრულეს ხალხური ცეკვები. 

ახალგაზრდული ფორუმის 2 პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში


21 აპრილს სიქას ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში განხორციელებული ორი პროექტის: "დავიცვათ ჩვენი დედა-ბუნება" და "ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტები პროგრამის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა ახალგაზრდულ ფორუმზე მონაწილე სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ შეიქმნა. 
"დავიცვათ ჩვენი დედა-ბუნება" გარემოსდაცვითი პროექტია, რომელიც კაჩაგანის #1, კაჩაგანის #2 და კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ განხორციელდა, პროექტის:"ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" მიზანი კი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია იყო. პროექტში ქვემო სარალის, ზემო სარალის, დამიაგეორარხისა და ჯავშანიანის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობდნენ.