26 აპრილს, სიქას ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის "საქართველო ჩემი სამშობლოა" შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: თაქალოს, ყულარის, არაფლოს და შაუმიანის # 2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მიერ, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში.
პროექტის მიზანი იყო მასში ჩართული სკოლების ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის მოსწავლეების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ინტეგრაცია. გამგეობის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე თითოეულმა სკოლამ წარადგინა კულტურული პროგრამა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული, აზერბაიჯანული და სომხური ლექსები, იმღერეს სამივე ეთნოსისთვის დამახასიათებელი სიმღერები, მოირგეს ტრადიციული ტანისამოსი და შეასრულეს ხალხური ცეკვები.
პროექტის განმახორციელებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის ფარგლებში მათ მიერ განხორციელებული სხვა ღონისძიებებიც.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს აქტიურობისათვის და ამ საკითხებზე მუშაობისათვის.
ღონისძიების ბოლოს მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ მასწავლებლები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს პროექტის წარმატებით გამხორციელებაში.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსები. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment