Thursday, November 29, 2018

სიქაში საახალწლო ღონისძიებების თვე იწყება!

გეპატიჟებით ყველას 8 წლის ასაკიდან და ზემოთ. შეხვედრები გაიმართება სიქას ოფისში, მისამართზე: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. 12-56.
იხილეთ ღონისძიებების განრიგი:
4 დეკემბერი (16:30-18:00სთ) - საშობაო კინოჩვენება, ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოების დამზადება.
11 დეკემბერი (16:30-18:00სთ) - ჯინჯერის სახლის აშენება, გერმანული ტრადიციების გაცნობა.
18 დეკემბერი (16:30-18:00სთ) - საახალწლო ტკბილეულისა და ჯინჯერის სახლის დეგუსტაცია.
ღონისძიებებს წარუძღვებიან სიქას გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა!
მობრძანდით და ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა!
მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე: 557008757 (მარიამ თვალიაშვილი)

ბოლნისელი მოსწავლეების შეხვედრა ომბუდსმენის წარმომადგენლებთან

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში სიქას ორგანიზებით 27 ნოემბერს ბოლნისის კერძო სკოლადავითიანშიმოეწყო პროგრამისმომავლის თაობასამიზნე სკოლების მოსწავლეების შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის სპეციალისტებთან მარი გვიდიანთან და მურად ჰუსეინოვთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ტალავერის, დარბაზის, აკაურთას, მამხუტისა და სკოლა დავითიანის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ადრეული ქორწინება. დამსწრეთა დიდ უმრავლესობას აზერბაიჯანელი მოსწავლეები შეადგენდნენ, ამიტომ შეხვედრა ორ ენაზე - ქართულად და აზერბაიჯანულად მიმდინარეობდა.
სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წევრებმა დამსწრეებს ესაუბრნენ ქორწინების უარყოფით გავლენებსა და შედეგებზე, გააცნეს საკანონმდებლო ცვლილებები, განიხილეს ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევები. შეხვედრა ინტერაქტიული მეთოდებით წარიმართა, მოსწავლეების მხრიდან დაისვა შეკითხვები, რომლებზეც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებისაგან მიიღეს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები.

Monday, November 19, 2018

სიქა-ს ხელმძღვანელობით დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პროექტის "მეტი შეგვიძლია" შემაჯამებელ ღონისძიებებში


12-16 ნოემბერს ქართული რვა კაციანი დელეგაცია სიქას ხელმძღვანელობით .ბერლინში დაესწრო პროექტის "მეტი შეგვიძლია" შემაჯამებელ ღონისძიებებს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ : პროექტის "მეტი შეგვიძლია" ხელმძღვანელი საქართველოში ინგა პაიჭაძე, პროექტის რეგიონული კოორდინატორები: ლიანა ღუღუნიშვილი, მაკა ბიბილეიშვილი, ნათია ნამიჭეიშვილი, ნინო კაპანაძე, მაია ქათამაძე, ოთარ რევიშვილი და თამარ ცქიფურიშვილი. სამუშაო ვიზიტის განმავლობაში დელეგაციამ წარმოადგინა პროექტის მიმდინარეობა საქართველოში; უკრაინისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავა პროექტის სამომავლო პერსპექტივებზე. მოეწყო შეხვედრები ბერლინის რატუშაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნა პროექტის მიმდინარეობა და შედეგები. პროექტი "მეტი შეგვიძლია" 2017-2018 წლებში განხორციელდა საქართველოში, მასში 21000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

Thursday, November 15, 2018

სიქას „მომავალ ლიდერთა კლუბი“ ჩაერთო საერთაშორისო პროექტში "საშობაო ბარათების გაცვლა" - Holliday Cards Exchange


სიქას „მომავალ ლიდერთა კლუბი“ ჩაერთო www.iearn.org-ის საერთაშორისო პროექტში საშობაო ბარათების გაცვლა - Holliday Cards Exchange, რომელიც ითვალისწინებს საშობაო მისალოცი ბარათების დამზადებას და გაგზავნას საზღვარგარეთელი თანატოლებისთვის, საახალწლო ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და ერთმანეთის უკეთ გაცნობას, დამეგობრებას. ყოველ შაბათს კლუბის წევრები სიქას გერმანელ მოხალისეებთან ერთად დაამზადებენ ხელნაკეთ ბარათებს, რომ საახალწლოდ გაუგზავნონ ამერიკელ, ავსტრალიელ, იტალიელ, ტაივანელ, ბელორუს, მოლდოველ და რუს თანატოლებს.

Thursday, November 8, 2018

ქართველი EVS მოხალისეები რუმინეთში გაემგზავრნენ

სიქა-ს დახმარებით 4 ქართველი ახალგაზრდა ერთი წლით გაემგზავრა ბუქარესტში ევროპული მოხალისეობრივი პროგრამის EVS ფარგლებში. სიქა-ს პარტნიორ ორგანიზაცია COSI-ს წევრებთან ერთად ქართველი ახალგაზრდები ნაყოფიერ წელიწადს გაატარებენ რუმინეთში, რაც ხელს შეუწყობს მოხალისეების კომპეტენციების გაზრდას.

ვიზიტი პროგრამის U18-ის კიევის ახალგაზრდულ ფორუმზე

28 ოქტომბერს სიქას აღმასრულებელი დირექტრი და პროგრამის "მეტი შეგვიძლია" კოორდინატორი საქართველოში ინგა პაიჭაძე მიწვეული იყო პროექტის ფარგლებში კიევში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე. ფორუმზე შეაჯამეს პროექტის მიმდინარეობა უკრაინაში, ახალგაზრდული აქტივობები და ინიციატივები. პროექტი „მეტი შეგვიძლია! - ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ საქართველოში ხორციელდება 2016 წლიდან გერმანიაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან "DRA“ www.austausch.org პარტნიორობით და დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს; ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მიერ.

სიქას მოხალისეები საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას

28 ოქტომბერს სიქას 13 მოხალისე საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას თბილისისა და რუსთავის სხვადასასხვა საარჩევნო უბნებში.