Monday, October 19, 2020

პროექტის „სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის“ მონაწილეთა რეგისტაცია დაიწყო

სიქა აცხადებს მოსწავლეთა რუსთავის სკოლების გუნდების რეგისტრაციას პროექტში "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის". გუნდში უნდა იყვნენ 3 მოსწავლე (14-18 წლის, აუცილებლად ორივე სქესის წარმომადგენელი) და ახალგაზრდა მასწავლებელი (29 წლის ჩათვლით). იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/jRECppdfVPhHriSs9

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის ფარგლებში. 

პროექტის მიზანი: რუსთავში მცხოვრებ უფროსკლასელ მოსწავლეებს შეექმნებათ შესაძლებლობა მიიღონ არაფორმალური განათლება სოციალური მეწარმეობის, ტექნოლოგიური და STEAM მიმართულებით. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ქ. რუსთავის სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. 

მოსწავლეები ნოემბერსა და დეკემბერში შაბათ-კვირას  მთელი დღის განმავლობაში გაივლიან მომზადებას სოციალურ მეწარმეობასა და რობოტიკსში, ჰაკათონის ფორმატის ღონისძიება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გუნდურად იმუშაონ, შექმნან მოქმედი რობოტები, იფიქრონ პრობლემურ საკითხებზე და შექმნან სოციალური საწარმოს მოდელები. 

წარმატებულ გუნდებს გაეწევათ რეკომენდაცია საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. 

ერთი სკოლიდან რამდენიმე გუნდის წარმოდგენის შემთხვევაში შერჩევისას ყურადღება მიექცევა გუნდის მოტივაციას. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

599556234 პავლე თვალიაშვილი - პროექტის დირექტორი

599 232 737 ანა მელაშვილი - პროექტის კოორდინატორი

Tuesday, September 15, 2020

სემინარი U18 იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიზნებისა და იმპლემენტაციის შესახებ

 სიქა-ს ორგანიზებით 11 სექტემბერს რუსთავში ჩატარდა სემინარი U18 იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიზნებისა და იმპლემენტაციის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონიდან. მონაწილეებმა განიხილეს U18 ფორმატით იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, იმსჯელეს 2020 წელს U18 ახალგაზრდული არჩევნების ორგანიზების მეთოდოლოგიასა და ახალი მიდგომების შესახებ. სემინარი ჩატარდა პროექტის "მეტი შეგვიძლია - ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში. პროექტს ახროციელებს ორგანიზაცია „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქ. ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით. #CivilSocietyCooperation

Tuesday, June 2, 2020

დისტანციური დებატების ტურნირი

2020 წლის მაისის თვეში სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციისა და თბილისის მოზარდთა სახლის ერთობლივი ძალისხმევით პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში მოეწყო დისტანციური დებატების ტურნირი .
პროექტის განმავლობაში მოეწყო დებატების დისტანციური ტრენინგი და შესარჩევი ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღო თბილისის 16-მა საჯარო სკოლამ (მე-9; 49-ე; 67-ე; 70-ე; 74-ე; 75-ე; 103-ე; 108-ე; 118-ე; 119-ე; 149-ე; 162-ე; 174-ე; 177-ე; 208-ე და 213-ე საჯარო სკოლები).
შესარჩევი ტურნირის შემდგომ მოეწყო ¼ ფინალი, სადაც მონაწილეობა გააგრძელა საუკეთესო შედეგის მქონე 8 სკოლამ (მე-9; 49-ე; 70-ე; 75-ე; 119-ე; 174-ე; 177-ე; და 208-ე).
¼ ფინალში დებატებს უკეთესად წარუძღვა 49-ე; 174-ე; 75-ე და 208-ე სკოლის გუნდები, შესაბამისად აღნიშნული სკოლის ოთხი გუნდი გადავიდა ნახევარ ფინალში რომელიც გაიმართება 30 მაისს.
ფინალი გაიმართა 31 მაისს , რომელშიც მონაწილეობდნენ ნახევარ ფინალში გამარჯვებული გუნდები. თამაში გადაიცა Facebook Live-ს მეშვეობით. ფინალში გამარჯვება თვილისის #174  სკოლის მოდებატეთა გუნდს ერგო.

აღსანიშნავია, რომ დებატების მსაჯებად მოწვეულნი იყვნენ მრავალი წლის გამოცდილების მქონე მოდებატეები: ნინო ბერიშვილი, რევაზ აფხაზავა, ქეთი მაღრაძე, დავით ფარტენაძე, კობა გრძელიშვილი, ლიკა ბარაბაძე, ნათია მიდელაშვილი, დემე მარხვაიძე, ანი ციცქიშვილი, ია იმერლიშვილი, გვანცა ლომსაძე, მარიტა გორგილაძე, მარიამ აბულაძე, თაკო თოლორდავა, დავით ძიძიშვილი, იოსებ კანთელაძე და ნინო ბაღაშვილი.
დებატების თამაშის შემდეგ მსაჯებს გამოჰქონდათ გადაწყვეტილება და მონაწილეებს აძლევდნენ რეკომენდაციას, თუ რა უნდა გაეთვალისწინებინათ როგორც მომხსენებლებს საუკეთესო გამოსვლის მიზნით.
მსაჯების მიერ მიცემული რეკომენდაცია ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტურნირის მონაწილეებისთვის, რაც აისახებოდა მათ ყოველ შემდეგ თამაშზე.
აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და სიქას გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს შეტანილი წვლილისთვის!
სიქა აგრძელებს დებატების ტურნირების ორგანიზებას და სასკოლო დებატ-კლუბების მხარდაჭერას.

2020 წლის 1 მარტს სიქას პარტნიორობით მოხალისეები ანა ჩხარტიშვილი და ტატო შარაძე შეურთდნენ ESC (ევროპული სოლიდარობის კორპუსი) პროექტს "Sport For Solidarity". 6 თვიანი პროექტი რუმინეთში მიმდინარეობს, ქართველი ახალგაზრდები ევროპელ მოხალისეებთან ერთად რუმინეთში, ვალჩეას მხარეში განახორციელებენ ახალგაზრდულ და სპორტულ აქტივობებს, ადგილობრივ თემში გაუწევენ პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს. ევროპულ პროგრამებში მიღებული გამოცდილება და გაზრდილი კომპეტენციები დაეხმარება ახალგაზრდებს თვითრეალიზებაში

ტრენინგი ახალგაზრდული მუშაკებისათვის

#CivilSocietyCooperation 29 თებერვალსა და 1 მარტს სიქას ორგანიზებით რუსთავში ჩატარდა ტრენინგი ახალგაზრდული მუშაკებისათვის, პროექტის "მეტი შეგვიძლია" ფარგლებში. ტრენინგს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები ქვემო ქართლისა და თბილისიდან. ტრენერ ცირა თავშავაძის ფასილიტაციით ტრენინგის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა და შეიძნეს უნარები მონაწილეობითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ თავიანთ თემში ახალგაზრდული მონაწილეობითი პროექტების განსახორციელებლად.
პროექტს „მეტი შეგვიძლია! აქტიური მოქალაქეობისთვის“ საქართველოში ახორციელებს სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია და გერმანული ორგანიზაცია DRA გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.




Tuesday, February 25, 2020

სიქა იწყებს ტრენინგ-პროგრამას „უნარები-პროფესიული წარმატებისთვის“

პროგრამა ინიცირებულია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაციისა და EMT-განათლებისა და მართვის გუნდის მიერ.

კურსის მიმართულება:
 დაეხმაროს ახალგაზრდებს შეიძინონ და/ან გაიუმჯობესონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი და გახდნენ მეტად თავდაჯერებულები;
 მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უკეთ მოახერხონ გარემოსთან ადაპტირება, გაზარდონ თვითრეალიზებისა და დასაქმების შანსები.

ტრენინგ-კლუბის მეშვეობით შეძლებთ შემდეგი უნარების განვითარებას:
 ეფექტური პრეზენტაციის ორგანიზება;
 დროის მართვა;
 არგუმენტირებული მსჯელობა;
 კრიტიკული აზროვნება;
 მოტივაციის წერილისა და CV-ის წერა;
 მოლაპარაკებების ხელოვნება;
 პროექტის წერა;
 ღონისძიების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
 კონფლიქტების მართვა;
 ლიდერობა, გუნდურობა და ა.შ.

შესაძლებლობები, რომელსაც გპირდებათ ჩვენი პროგრამა:
 სხვადასხვა კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
 ჩართულობა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებში;
 პერიოდული კომუნიკაცია ევროპელ მოხალისეებთან, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ;
 CISV-ის საერთაშორისო ბანაკების ლიდერობა და ERASMUS+ის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა (როგორც მოკლევადიანი, ასევე ხანგრძლივი პერსპექტივით).

ეს ყველაფერი, დამოკიდებულია, პროგრამის მონაწილის აქტიურობასა და მოტივაციაზე, ხოლო, ყველაზე აქტიური და წარმატებული წევრები შეირჩევიან სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის და EMT - განათლებისა და მართვის გუნდის სამომავლო თანამშრომლობისთვის.

სად?
პროგრამა განხორციელდება სიქას ოფისში, ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი 12-56.

როდის?
ყოველ შაბათს, 14 მარტიდან - 27 ივნისის ჩათვლით, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე.
სულ მოეწყობა 15 ძირითადი შეხვედრა (ასევე დამატებით სხვადასხვა კონფერენციები, შეხვედრები და ტრენინგები).

როგორ?
მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადის საფუძველზე გთხოვთ იხილოთ ბმული => https://forms.gle/E9HKVJDsQTU3sJV76 (შესაძლებელია დამატებითი გასაუბრების მოწყობაც).
! გაითვალისწინეთ, რომ ჯგუფის შესაბამისი კანდიდატებით შევსების შემთხვევაში შეწყდება განაცხადების მიღება.

ტრენინგები ორგანიზებული იქნება სიქას და EMT-ის ტრენერების და საერთაშორისო ექსპერტების მიერ, მრავალწლიანი გამოცდილების ბაზაზე.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

რამდენი?
კლუბის საწევრო არის სიმბოლური ხასიათის და შეადგენს თვეში 24 ლარს (სულ ხანგძლივობა 4 თვე).
ჩვენ გუნდს სურვილი აქვს, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ცვლილებების განხორცილება და მზად ვართ შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატები, რომლებთანაც საწყის ეტაპზე ვიმუშავებთ 4 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
კლუბის მენეჯერი გიორგი თვალიაშვილი, 599 989 545, giorgitv@gmail.com

ტრენინგი "ბავშვთა და ახალგაზრდების მონაწილეობითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება"


22-23 თებერვალს სიქას ორგანიზებით ქ. ბათუმში ჩატარდა ტრენინგი "ბავშვთა და ახალგაზრდების მონაწილეობითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება". ეს ტრენინგების ციკლის მეორე ეტაპია პროექტის "მეტი შეგვიძლია! ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში", რომელსაც სიქა ახორციელებს საქართველოში, გერმანულ ორგანიზაცია DRA-სთან პარტნიორობით. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ნათია ნამიჭეიშვილი, ესწრებოდნენ პროექტში ჩართული ახალგაზრდული მუშაკები აჭარისა და იმერეთის რეგიონიდან, სულ 22 მონაწილე, რომლებიც ადგილებზე ახალგაზრდებთან ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ ახალგაზრდულ მონაწილეობით პროექტებს.

Saturday, February 22, 2020

"სიქას დებატ კლუბი 2020" იწყება

თუ ხარ VIII ან IX კლასის მოსწავლე... 🙋‍♂️🙋‍♀️

! თუ გსურს:
✅ განივითარო არგუმენტირებული მსჯელობა - რადგან ადვილად დაუმტკიცო შენს თანატოლებს და უფროსებს საკუთარი პოზიცია;
✅ შეძლო ეფექტური საჯარო გამოსვლები - გააკეთო პრეზენტაცია, საზოგადოების წინაშე წარსდგე სიტყვით ან თუ ებრძვი გლოსოფობიას (თუ გაინტერესებს ამ სიტყვის განმარტება თავად მოძებნე😉);
✅ მოახდინო კრიტიკული აზრის სწრაფად და გამართულად ჩამოყალიბება - განსაკუთრებით როდესაც საკითხი გადაწყვეტილების მიღებას ეხება;
✅ შეგეძლოს კითხვის სწორი და ადექვატური ფორმულირება - მაშინაც კი როდესაც თუნდაც ყველაფერი გარკვეული და ნათელია;
✅ შეგეძლოს აქტიური მოსმენა და შეძლო სხვებმა მოგისმინონ - თუნდაც მთელი საუბარი შენს წინააღმდეგ იყოს მიმართული და შენი მოსმენა არავის უნდოდეს;
✅ განივითარო ინფორმაციის დამუშავების და კვლევის საბაზისო უნარები - რადგან ადვილად მოახდინო მნიშვნელოვანი საკითხების აღმოჩენა და წარმოჩენა;
✅ გაიუმჯობესო ლიდერობის და გუნდურობის უნარი - იმისთვის რომ შეგეძლოს თანაგუნდელის პოზიციის გათვალისწინება და მისი ბოლომდე დაცვა;
✅ შეგეძლოს დროის მართვა - გამოკვეთო მნიშვნელოვანი სათქმელი და დრო ფუჭად არ დახარჯო;
✅ აიმაღლო კამათის უნარ-ჩვევები - დებატების ორი ძირითადი ფორმატი შესწავლით რომელიც ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის არის გათვლილი:
▶️ ფასეულობათა (ღირებულებითი) კარლ პოპერის სახელობის დებატები - სადაც კამათი მიმდინარეობს ორ გუნდს შორის კონკრეტულ აქტუალურ საკითხზე;
▶️ პოლიტიკური დებატები - სადაც გუნდი წარადგენს საკითხიდან გამომდინარე კონკრეტულ გეგმას, ოპონენტი გუნდი კი უპირისპირდება;
✅ ითამაშო ფორმალური დებატები - სახალისოდ, თამაშით, ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით გაიუმჯობესო უამრავი უნარ-ჩვევა;
✅ შეხვდე სხვადასხვა ქალაქის თანატოლებს და შეეჯიბრო დებატების ტურნირებში და მოიგო პრიზები.

ასევე
✅ თუ შეგიძლია, შაბათი დღის პირველი ნახევარი გამოყო ზემოთ ჩამოთვლილი უნარების გასაძლიერებლად და დაესწრო ტრენინგს რუსთავში, სიქას ოფისში;

! მაშინ, შეავსე სიქას დებატების კლუბის სარეგისტრაციო ფორმა დღესვე => https://forms.gle/LcoUK6YiAi12Y2Nh7

! რადგან სიქა კვლავ აგრძელებს ძველ ტრადიციას და საქართველოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული დებატ-კლუბი რომელიც 1999 წლიდან არსებობდა კვლავ გიწვევთ!

🔺️ ტრენინგებს გაუძღვება ტრენერი გიორგი თვალიაშვილი;
🔺️ კურსი აგებულია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის და EMT - განათლების და მართვის გუნდის წლების მანძილზე დაგორვებულ გამოცდილებაზე;
🔺️ კლუბი მუშაობას დაიწყებს 14 მარტიდან და ტრენინგები ჩატარდება ყოველ შაბათს, დღის პირველ ნახევარში;
🔺️ პროგრამა გათვლილია 16 სატრენინგო შეხვედრაზე (თუმცა კლუბის წევრებს მოუწევთ სხვადასხვა შეხვედრებზე და საჯარო გამოსვლებზე დასწრება), ტრენინგების ციკლი დასრულდება ივნისის ბოლო შაბათს;
🔺️ კლუბის წევრობისთვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ანკეტა;
🔺️ კლუბის წევრობა არის ფასიანი და შეადგენს თვეში 49 ლარს (კურსის სრული ღირებულება ერთიანად გადახდის შემთხვევაში შეადგენს 177 ლარს);
🔺️ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 599 989 545; giorgitv@gmail.com
🔺️ www.siqa.org.ge

Sunday, February 9, 2020

პროგრამის "მომავლის თაობა" 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2020 წლის 7 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ სააქტო დარბაზში გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება.
შეხედრაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმა სიქა-ს აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე და შეაჯამა პროგრამის „მომავლის თაობა“ წლის მიღწევები ქვემო ქართლის რეგიონში. პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკლასო პროექტები, საკლუბო ინიციატივები და მცირე გრანტის პროექტები.
შეხვედრა შეაჯამა და ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები და პედაგოგები დააჯილდოვა მარინა უშვერიძემ, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა, PH International-ის წარმომადგენელმა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინატორმა ლია ღუღუნიშვილმა შეაჯამა ფორუმის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობა და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
ხიხანის და ხაიშის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ თეატრი ბულინგის თემაზე.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტიორს ქვემო ქართლის რეგიონში და თანამშრომლობს 33 სკოლასთან

Tuesday, January 21, 2020

რეგიონური ჰაკათონი - “ტრანსფორმერები”

სიქას რობოტიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი “რობოლაბი”-ს ორგანიზებით 11-12 იანვარს გაიმართა რეგიონური ჰაკათონი - “ტრანსფორმერები”.
ჰაკათონში მონაწილეოდნენ 9-12 წლის ბავშვები. 50 მოსწავლემ მენტორების დახმარებით შექმნა ლეგოს კომპონენტებისგან რობოტი, რომელმაც შეასრულა კონკრეტული დავალებები. კომპეტენტურმა ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებული 3 გუნდი, რომლის წევრები დაჯილდოვდნენ დიპლომითა და სამახსოვრო პრიზებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, ჰაკათონის მასპინძელი რუსთავის #4 საჯარო სკოლას გადაეცა სპეციალური ჯილდო გაწეული დახმარებისთვის. "ჰაკათონი - ტრანსფორმერები" ჩატარდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის ფარგლებში, ჰაკათონის მხარდამჭერია ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი.