6 ნოემბერს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით რუსთავისა და მარტყოფის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ წარმატებულ სპორტსმენს, ყოფილ რაგბისტს, ამჟამად რუსთავის რაგბის ნაკრების მწვრთნელს პალიკო ჯიმშელაძეს.
შეხვედრის დასაწყისში სპორტსმენი მოსწავლეებს გაეცნო და საკუთარი მოღვაწეობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ: რატომ უნდა ვიცხოვროთ აქტიური ცხოვრებით და რა როლს თამაშობს სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობაში.
სპორტსმენმა მიზნის მიღწევის გზებზეც ისაუბრა. მოსწავლეებს ურჩია, აირჩიონ ის პროფესია და საქმიანობა, რომელიც მათ ნამდვილად სურთ, რადგან სურვილისა და მოტივაციის გარეშე, ძალით გაკეთებული საქმე მხოლოდ 50% -ით შესრულდება და შესაბამისად არც სრულყოფილი იქნება. მიზნის მისაღწევად კი დაუზოგავი შრომისკენ მოუწოდა.
შეხვედრის მეორე ნაწილი რაგბის მიმოხილვას დაეთმო. რაგბისტმა მოსწავლეებს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმები აჩვენა, რომლებიც რაგბის ისტორიას მოგვითხრობდნენ და მათში ქართული რაგბის მნიშვნელოვანი მომენტები იყო ნაჩვენები.
სტუმართან ერთად მოსწავლეებმა იმსჯელეს რაგბის, როგორც სპორტისა და როგორც კულტურის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო და საქართველოს რაგბის ფედერაციის სახელით ბილეთები გადასცა საჩუქრად საქართველო-ამერიკის მატჩზე დასასწრებად, რომელიც 16 ნოემბერს, რუსთავის რაგბის სტადიონზე გაიმართება.
ღონისძიებას რუსთავისა და მარტყოფის სკოლების სამოქალაქო კლუბების 27 წევრი დაესწრო.
შეხვედრა მოწვეულ სტუმართან გაიმართა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.
No comments:
Post a Comment