Sunday, March 30, 2014

სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკში შემუშავებული პროექტის განხორციელების შედეგად ქ.ბოლნისში ცენტრალურ გზაზე ბარიერები დამონტაჟდა

2014 წლის 15-19 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქართული და აზერბაიჯანული სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. 
ბანაკში მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომლითაც შეეცადნენ ბოლნისისათვის მეტად აქტუალური - გზებზე უსაფრთხო გადაადგილების პრობლემის მოგვარებას.
დასაწყისში მოსწავლეები გეგმავდნენ სკოლის წინ ცენტრალურ გზაზე ბარიერების მოწყობას, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ თვითმმართველობა თავად გეგმავდა გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერის დამონტაჟებას.
მოსწავლეებმა ბოლნისში სამი კრიტიკული ადგილი შეარჩიეს, სადაც მაღალია საგზაო შემთხვევების რიცხვი: ფიროსმანის ქუჩა, სადაც სკვერში ადგილობრივი მოსახლეობა ისვენებს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, მიუხედავად მოსახლეობის მიერ თვითმმართველობისადმი არაერთი მიმართვისა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა; აღმაშენებლის ქუჩაზე, გზაჯვარედინთან, სადაც განსაკუთრებით მაღალი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები მოძრაობის შემზღუდავი ნიშნების სიმცირის გამო და პეტრიაშვილის ქუჩაზე, #6 საბავშო ბაღთან, სადაც 70-დე აღსაზრდელი სწავლობს.
პროექტის განხორციელებით ბოლნისის ადგილობრივი მაცხოვრებლები დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ. იმედია მოსწავლეების ინიციატივით დამონტაჟებული ბარიერები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბოლნისში უსაფრთხო გადაადგილებას.

No comments:

Post a Comment