Monday, February 29, 2016

სიქა-ს წევრების წარმატება

სიქას აქტიურმა წევრებმა და თანამშრომლებმა მარიამ კოშაძემ და ნინო ლეკიშვილმა გაიმარჯვეს საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ 27 თებერვალს ორგანიზებულ ჩემპიონატში ავტოსტოპში. სიქას გოგონების გუნდმა პირველმა დაფარა მანძილი თბილისიდან ბათუმამდე და ამასთან ყველა დავალება შეასრულა. ვულოცავთ ნინიკოს და მარიამს წარმატებას!

Saturday, February 27, 2016

სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო მინი ფორუმი მარნეულის საჯარო სკოლების მონაწილეობით

25  თებერვალს სიქას ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის #1 სკოლაში მინი ფორუმი ჩატარდა, რომელსაც დაესწრო კაჩაგანის #1, # 2 სკოლები და ყულარის საჯარო სკოლა. შეხვედრას დაესწრო აღნიშნული სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, სამოქალაქო კლუბის წევრები და მეურვეები. შეხვედრაზე სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება და მათ მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია. სიქას წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს  გააცნეს პროგრამის ფარგლებში ახლო მომავალში დაგეგმილი აქტივობების, გამოცხადებული კონკურსებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია. შეხვედრაზე სამივე სკოლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ სამომავლო გეგმებზე. გამოითქვა რამდენიმე ახალი ინიციატივა და დაიგეგმა საკლუბო აქტივობებიც. კერძოდ, კაჩაგანის #2 სკოლის სამოქალაქო კლუბი მათივე სკოლის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გეგმავს ჩაატაროს სასკოლო ჩემპიონატი  ჭადრაკში.  ყულარის საჯარო სკოლამ კი დაგეგმა სასკოლო ჩემპიონატის ჩატარება შაშში.
ფორუმის შედეგად  გაჩნდა ასევე მომავალი თანამშრომლობისა და საერთო აქტივობების დაგეგმვის სურვილი აღნიშნულ სამ სკოლას შორის.

სიქა-ს ოფისში მოეწყო ონლაინ კონფერენცია მწერალ გურამ დოჩანაშვილთან

25 თებერვალს, სიქა-ს ოფისში მოეწყო ონლაინ კონფერენცია პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ცნობილი ქართველი მწერალი, კლასიკოსი ბ-ნი გურამ დოჩანაშვილი.   სიქა-ს ორგანიზებით ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროგრამის სამიზნე ქვემო ქართლის სკოლების 30 წარმომადგენელმა რუსთავის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. ვაზიანის #1, #2, ახალსოფლის, ახალი სამგორი, ერტისის საჯარო სკოლების და სკოლა"რუსთველის"  მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ინტერესით უსმენდნენ მწერლის საუბარს.
ბატონმა გურამმა ისაუბრა საკუთარი ნაწარმოებების, ცხოვრების და საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებმა მწერალს დაუსვეს შეკითხვები კარგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით.  
ონლაინ კონფერენციის  განმავლობაში, თბილისის განათლების მულტიმედია ცენტრის ოფისიდან ბ-ნმა გურამმა უპასუხა  აუდიტორიაში მყოფი თბილისის სკოლების  და SKYPE-ის მეშვეობით  მიღებული საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეების შეკითხვებს. სულ კონფერენციაში 160-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

Friday, February 19, 2016

სიქა-ში შედგა იაპონური კულტურის კლუბის პირველი შეხვედრა

18 თებერვალს სიქა-ში შედგა იაპონური კულტურის კლუბის პირველი შეხვედრა. კლუბს უძღვება სიქა-ს ევროპელი მოხალისე ჰიკარუ ული. კლუბის წევრები გაეცნენ იაპონური ანბანის ნაირსახეობას, შეისწავლეს ფრაზები და დამოუკიდებლად შეძლეს იაპონურად საკუთარი სახელის დაწერა. შეხვედრამ საინტერესო და სახალისო ატმოსფეროში ჩაიარა. იაპონური კულტურის კლუბის შეხვედრები გაიმართება ხუთშაბათობით 16:30 სთ-ზე.

Wednesday, February 17, 2016

სიქამ ტრადიციულად აღნიშნა სიკეთის საერთაშორისო დღე

17 თებერვალს სიქა ტრადიციულად აღნიშნავს სიკეთის საერთაშორისო დღეს. წელს სიქას მოხალისეთა გუნდმა გადაწყვიტა მოქალაქეების განწყობაზე ეზრუნა და სუსხიან დილას გამვლელებს ცხელი ყავით და პატარა ნამცხვრებით გაუმასპინძლდნენ, ნამცხვრებში კი სასიამოვნო წერილები დახვდათ. მოქალაქეებს და ბავშვებს ბარათები და სამაჯურები დაურიგდათ, რომლებზეც პოზიტიური სურვილები იყო დატანილი. სიკეთის საერთაშორისო დღის აღნიშვნით მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსნეთ, რომ ერთმანეთზე ზრუნვით და კეთილი საქმის კეთებით ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება. მე გავაკეთებ სიკეთეს შენთვის, შენ გადაეცი სხვას!

Monday, February 15, 2016

სიქა-ს ორგანიზებით მოსწავლეები საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობას ესტუმრნენ

11 თებერვალს  პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქას ორგანიზებით გარდაბნის # 4, კალინინოს, ნაზარლოსა და თელეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები თბილისში, საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობას ესტუმრნენ. 
გიდის თანხლებით ვიზიტორებმა დაათვალიერეს შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის დარბაზები, პლენალური სხდომების დარბაზი, პარლამენტის შენობის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო.  გიდმა მოსწავლეებსა და და მასწავლებლებს გააცნო ქართული პარლამენტარიზმის ისტორია, პარლამენტის სტრუქტურა, მისია, როლი და კანონშემოქმედებითი პროცესი. ვიზიტის მონაწილეებმა ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და ტურით კმაყოფილები დარჩნენ. ფოტო

Monday, February 8, 2016

იაპონური კულტურის კლუბი სიქაში

პირველად სიქაში !
ჩვენი იაპონელი მოხალისე ჰიკარუ ულ იაპონურ კულტურასა და იაპონური ენის საიდუმლოს გიზიარებთ..
ხუთშაბათს,11 თებერვალს, 16:30 საათზე შემოგვიერთდით იაპონური კულტურის კლუბში.
მის: მეგობრობის 12/56, რუსთავი, სიქას მეგობრული ოფისი

სიქას დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ტრენინგში "Coaching for change"

სიქას დელეგაციამ მარიამ კოშაძის, ნინო ლეკიშვილისა და მარიამ აბულაძის, შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო სომხეთში, ქალაქ ერევანში გამართულ ტრენინგზე, Coaching for change, რომელიც პროგრამა Erasmus Plus ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგი 7 დღის განმავლობაში მომდინარეობდა, მას ესწრებოდა 34 მონაწილე 10 სხვადასხვა ქვეყნიდან. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა კოუჩინგის შესახებ, ისწავლეს, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება პრაქტიკაში. გაეცვნენ ახალგაზრდებთან მუშაობის სხვადასხვა მეთოდებს, მონაწილეებს მიეცათ საშუალება ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ პრობლემები რომლებიც აწუხებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებში, განიხილეს მათი გადაჭრის გზები. ტრენინგის მონაწილეები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას.

მოსწავლეები ევროკავშირისა და ნატოს დანიშნულებას გაეცნენ


3,4 და 5 თებერვალს სიქას ორგანიზებით, ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ლიპარტელიანი ახალი სამგორის. ერტისისა და ბოგვის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ევროკავშირისა და ნატოს მთავარი იდეა, დანიშნულება და საქმიანობები განიხილეს. მიმოხილვის შემდეგ მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება და განხილვა, რომელიც ევროკავშირის დაარსების ისტორიას ეხებოდა. შეხვედრის მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საჭირო და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება იყო. 
დაინტერესებული მოსწავლები მონაწილეობას მიიღებენ სიქა-ს მიერ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ორგანიზებულ ვიქტორინაში. აქტივობები ხორციელდება პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ახორციელებს PH International, მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სიქა არის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლის რეგიონში.