7 ნოემბერს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს რუსთავის მერიის სათათბირო დარბაზში მერის პირველმა მოადგილემ გიგი ტაბატაძემ უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავში ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი იყო.
გაზაფხულზე გამართული ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე მოსწავლეთა ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა სწორედ ამ პარკის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც ქალაქის მერიის წარმომადგენლებს წარუდგინა. მოსწავლეებმა ინიციატივაზე მერიისგან დადებითი პასუხი მიიღეს. მალევე პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო განაცხადები მერიის მოადგილემ გიგი ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადილემ ლეილა აფციაურმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს და გამარჯვებული ერთად გამოავლინეს.
გასულ კვირას პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მოსწავლეებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები და მერიის მოადგილესთან ერთად კიდევ ერთხელ მიმოიხილეს პროექტის პუნქტები. პროექტის ფარგლებში პარკში დაიგება სავალი ბილიკები, დამონტაჟდება სკამები, ურნები და სანათები, მოპირკეთდება ტროტუარი, დაიდგმება სიმბოლური ნატვრის ხე, გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია, პარკის უსაფრთხოებაზე დაცვა იზრუნებს.
ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა 23 ნოემბრის გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც მერიის წარმომადგენლები და სამოქალაქო კლუბების წევრები პარკის ტერიტორიაზე 100 ძირ ხეს ერთად დარგავენ.
შეხვედრაზე გიგი ტაბატაძემ მოსწავლეებს ქალაქში მიმდინარე სხვა პროექტებიც გააცნო.
შეხვედრის დიდი ნაწილი იმ პრობლემებზე საუბარს და მსჯელობას დაეთმო, რომელიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებს. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგი სახის პრობლემებზე: საგზაო ნიშნების ნაკლებობა, ტრანსპორტის მოუწესრიგებელი მოძრაობა, კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერები, მიმანიშნებელი აბრების არ არსებობა კორპუსებზე, დაზიანებული სანიაღვრე ჭები და სხვა.
მერის მოდგილემ მოსწავლეებს პრობლემების ნაწილის ერთად მოგვარება შესთავაზა. რამდენიმე პრობლემა კი ამ ეტაპისთვის მოუგვარებელი რჩება.
შეხვედრის დასასრულს სხვადასხვა ინიციატივებსა და პრობლემებზე სამუშაოდ შეხვედრები დაიგეგმა მერიის შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებთან.
მოსწავლეები მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად განაგრძობენ ადვოკატირების პროცესს ქალაქის თვითმმართველობასთან.
შეხვედრას რუსთავის 12 სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 წევრი დაესწრო.
ვიზიტი ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International. სიქა წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.