Sunday, December 21, 2014

პროგრამა "მომავლის თაობის" მიმდინარეობა

სიქა წარმოადგენს პროგრამა "მომავლის თაობის" პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში და პროგრამაში ჩართულ სკოლებს ეხმარება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში.
მარნეულისა და გარდაბნის სკოლების მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან სიქა-ს კოორდინატორმა ცირა თავშავაძემ მოაწყო საკონსულტაციო შეხვედრები პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო პროექტების კონკურსთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად იქნა განხილული პროექტის აპლიკაციის ყველა პუნქტი, როგორ შედგეს ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა და დამატებითი დოკუმენტაცია. კონკურსისთვის საგრანტო პროექტების აპლიკაციების მიღება 30 დეკემბერს სრულდება.
პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს ასევე უტარდებათ კონსულტაციები სასკოლო და სათემო ინიციატივების შემუშავებასთან დაკავშირებით, როგორ დაგეგმონ და განახორციელეონ სხვადასხვა ღონისძიებები.
17 დეკემბერს პროგრამა"მომავლის თაობის" ფარგლებში თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიქა-ს ორგანიზებით ჩაუტარდათ ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
19 დეკემბერს სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო რუსთაველი მოსწავლეების ვიზიტი რუსთავის მერიაში. ქ.რუსთავის მერიის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოსო პირველი ახალგაზრდებს ესაუბრა განათლების ორგანული კანონზე, დეპარტამენტის მუშაობის სფერო-სპეციფიკაზე და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
21 დეკემბერს სიქა-ს ოფისში მოეწყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების შეხვედრა სტუმართან, Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის დამფუძნებელთან, ნინო ნანიტაშვილთან. ისაუბრა  Google-ის დეველოპერების თბილისის ჯგუფის საქმიანობის შესახებ, ასევე რა არის კომპიუტერული მეცნიერებები, რა პროფესიებს მოიცავს, როგორია ამ სფეროში კარიერა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მოხდენა. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო Google-ის ტექნოლოგიების სიახლეები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო პროცესში. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესინჯათ  Google-ის საათი - google watch და , გუგლის სათვალე -google  glass, რომელიც სპეციალურად მათთვის მოიტანა ნინო ნანიტაშვილმა შეხვედრაზე. 
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

No comments:

Post a Comment