Tuesday, December 9, 2014

პროგრამის "მომავლის თაობა" საზეიმო გახსნა ქვემო ქართლის რეგიონში

9 დეკემბერს, რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით მოეწყო პროგრამის „მომავლის თაობა“ საზეიმო გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამაში ჩართული სკოლების დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან,  ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასაწყისში სიქა-ს წარმომადგენელმა, პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში, ინგა პაიჭაძემ შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრები მიაწოდა  ინფორმაცია პროგრამა „მომავლის თაობის“ შესახებ, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით. 
შეხვედრას ესწრებოდა PH International -ის წარმომადგენელი თამუნა ფრუიძე, რომელიც მიესალმა სტუმრებს და გააცნო მათ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.

სამოქალაქო განათლების ქვემო ქართლის რეგიონულმა კოორდინატორმა ლიანა ღუღუნიშვილმა ისაუბრა პედაგოგთა ფორუმის მიერ შეთავაზებული რესურსების შესახებ. 
დმანისის საკრებულოს წევრმა ლექსო დაუთაშვილმა, რომელიც უკვე დასრულებულ, "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში", როგორც პედაგოგი, აქტიურად იყო ჩართული,  თავის გამოსვლაში აღნიშნა  სამოქალაქო პროგრამის დადებითი როლი სკოლისა და თემის ცხოვრებაში; რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ნინო ლომიძემ აღნიშნა პროგრამის მნიშვნელობა და მზაობა გამოთქვა პროგრამის ფარგლებში მომავალ თანამშრომლობაზე. რუსთავის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ვაჟა ქარუხნიშვილმა ისაუბრა სამოქალაქო განათლების პროგრამაში თავისი გამოცდილების შესახებ.  

შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა მედიამ.
სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.  სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში. 

No comments:

Post a Comment