Thursday, April 3, 2014

პროექტი „ჩვენი ქუჩები“ წარმატებით ხორციელდება


სიქა-ს მეურვეობით მარნეულის მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლის მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში შემუშავებული პროექტი „ჩვენი ქუჩები“ წარმატებით ხორციელდება.
სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულ ბანაკში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 4 აზერბაიჯანული და 2 ქართული სკოლა იღებდა მონაწილეობას.
ბანაკის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებიდან ყველაზე მწვავე ქ. მარნეულის მთავარ - რუსთაველის ქუჩაზე საჭირო მისამართით გადაადგილებაა. ქალაქის ყველაზე გრძელ ქუჩაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში მრავალი მცირე ზომის შენობები აშენდა, რომელთაც არა აქვთ ნუმერაცია, ძველ შენობებზეც არ არის შენობის ნომრის მიმანიშნებელი აბრები - შედეგად, ქალაქის სტუმრებს, სასწრაფო და სახანძრო დახმარების სამსახურებს, ფოსტალიონებს ძალიან უჭირთ საჭირო ადრესატის მიგნება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხევებშია - აღნიშნული მიზეზის გამო ხშირად ფერხდებოდა პაციენტის დროული სამედიცინო დახმარებია აღმოჩენა.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სამოქალაქო კლუბების ლიდერებმა ინიციატივით მიმართეს მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველობას. ქალაქის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურთან ერთად შემუშავდა რუსთაველის ქუჩაზე შენობების ნუმერაციის გეგმა, მისამართის აბრების დიზაინის შერჩევაში მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. გადაწყდა - 135 შენობაზე გაიკრას მისამართის აბრა. აბრების დამაგრების ხარჯი ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარ თავზე აიღო, ხოლო ინტეგრაციის ბანაკის ფარგლებში დაფინანსდა აბრების დამზადება.
2014 წლის 31 მარტს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით დაიწყო შენობებზე მისამართის აბრების განთავსება. მარნეულელი მოსწავლეების მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტი „ჩვენი ქუჩები“ მნიშვნელოვნად გაუადვილებს მარნეულის მკვიდრთ, სტუმრებსა და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებს ქალაქში სივრცით ორიენტაციას.

No comments:

Post a Comment