22 მარტს სიქას ორგანიზებით, კირაჩმუღანლოსა და თელეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ერთობლივი ინიციატივით, პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში საინტერესო ინტერკულტურული შეხვედრა გაიმართა.
21 მარტს მუსლიმური სამყარო, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა აღნიშნავს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, რომლის შესახებაც ბევრ ქართველს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს. კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა გამოთქვა სურვილი ბაირამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა ქართველი თანატოლებისათვის. ჩანაფიქრის განსახორციელებლად კირაჩმუღანლოელი მოსწავლეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის ქართულ სკოლას ეწვივნენ. აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ქართველ თანატოლებს გააცნეს ბაირამობის დღესასწაული, მასთან დაკავშირებული ტრადიცია და წეს-ჩვეულებები. სტუმრებმა მასპინძლებს სპეციალურად ნოვრუზ ბაირამისთვის დამახასიათებელი, საკუთარი ხელით დამზადებული ტკბილეულის და ნამცხვრების დაგემოვნების საშუალებაც მისცეს.
თავის მხრივ, თელეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სტუმრებს გააცნეს მათი კუთხისათვის დამახასიათებელი სახალხო დღესასწაული “თელეთობა”. მასპინძლებმა აზერბაიჯანელ თანატოლებს გააცნეს ამ დღისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებები ინტეგრაციის კარგი საშუალებაა, რაც მათ ძალიან სჭირდებათ, ქართველი ბავშვები კი ეცნობიან განსხვავებულ კულტურას, რომელიც მათ ქვეყანაში, მათ რეგიონში, მათ გვერდით არსებობს.
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა, სტუმრებმა და მასპინძლებმა ბაირამობისთვის დამზადებული ტკბილეული დააგემოვნეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც იუსაუბრეს. დაიგეგმა თელეთის სამოქალაქო კლუბის წევრების საპასუხო ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოში, სადაც კლუბის წევრები აზერბაიჯანელ, საზღვრისპირა სოფლის მოსწავლეებს ქართულ ტრადიციებს გააცნობენ
No comments:
Post a Comment