12 ნოემბერს, სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მთავარ დარბაზში გაიმართა საჩვენებელი დებატი კარლ პოპერის ფორმატით. დებატში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მოსწავლეებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარმა ორმა გუნდმა. მოსწავლეებმა იდებატეს თემაზე - „მასმედიის ცენზურა გამართლებულია“. საჩვენებელ დებატს, ქეშალოსა და თელეთის სკოლის მოსწავლეების გარდა, ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: თაქალოს, არაფლოს, დამიაგეორარხისა და ქვემო სარალის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე მოწვეული სტუმარი მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მარი ტყეშელაშვილი.
საჩვენებელი დებატი ჩატარდა ქართულ ენაზე, რაც აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან მათ მოუწიათ არამშობლიურ ენაზე კამათი და საკუთარი პოზიციების დაფიქსირება ფართო აუდიტორიის წინაშე. მათ აღნიშნული საკმაოდ კარგად შეძლეს და დებატი შედგა. გარდა ამისა, ამ საჩვენებელი დებატის შედეგად მოხდა დებატების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესება, ეთნიკური უმცირესობებების სამოქალაქო გააქტიურება, მათი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და ინტეგრაცია.
დებატების დასრულების შემდეგ სერთიფიკატები გადაეცათ ტრენინგში მონაწილე ყველა მოსწავლეს. საჩვენებელ დებატამდე მოსამზადებელი ტრენინგი ჩაუტარდა ქეშალოსა და თელეთის სკოლების 25 მოსწავლეს. სერთიფიკატები და მცირე საჩუქრები გადაეცათ დებატში მონაწილე 6 მოსწავლეს. თითოეული გუნდიდან გამოვლინდა ერთი საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც დამატებით დაჯილდოვდა ფასიანი პრიზებით და სიგელებით. შეხვედრის ბოლოს სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარებული სლოგანების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.
დებატი გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგებში. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
No comments:
Post a Comment